Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

 

მაისის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • მაისის თვეში ქსენოფობიური გზავნილების ძირითადი ნაწილი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის,  ფადი ასლის ფეისბუკ პოსტს უკავშირდებოდა, აქცენტი ფადი ასლის წარმომავლობაზე კეთდებოდა და მკვიდრდებოდა აზრი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდათ. სხვა ქსენოფობიური განცხადებები მიგრანტების და თურქების წინააღმდეგ იყო მიმართული;

  • ჰომოფობიური გზავნილების ერთი ნაწილი პოლიტიკოსებს ეკუთვნოდათ, მათ შორის პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც უნგრეთში ვიზიტისას, ტრადიციული იდენტობის შენარჩუნებასა და ოჯახის ინსტიტუტის გაქრობის საშიშროებაზე ისაუბრა. ჰომოფობიური იყო “პატრიოტთა ალიანსის” და “ალტ-ინფო კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებებიც.  გზავნილების ნაწილი თბილისის მერსედესის მოდის კვირეულის ორგანიზატორებსა და სხვადასხვა მედიების ჟურნალისტებს “ჰომოსექსუალობის პროპაგანდისტებად” წარმოაჩენდა;

  • ანტიდასავლური გზავნილები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს  ტრადიციული იდენტობის დაკარგვის საფრთხესთან აიგივებდა და დასავლეთიდან თავსმოხვეულ ჰომოსექსუალობაზე ამახვილებდა ყურადღებას. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის “იმედმა” და “პოსტვიმ”  დასავლეთში ჰომოსექსუალობის პროპაგანდის საფრთხის შედეგად  ჰომოსექსუალი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდის ტენდენციას გაუსვეს ხაზი; 

  • მაისის თვეში სექსისტური შინაარსის სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართ გაკეთდა.

ქსენოფობია

მაისის თვეში ქსენოფობიური გზავნილების ძირითადი ნაწილი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის,  ფადი ასლის ფეისბუკ პოსტს უკავშირდებოდა, რომელშიც ის სვამდა კითხვას, თუ რა იყო უმჯობესი საქართველოსთვის - ევროკავშირში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება, თუ სეპარატისტულ რეგიონებთან გაერთიანება და რუსეთის მონობაში ცხოვრება. აქცენტი ფადი ასლის წარმომავლობაზე კეთდებოდა და მკვიდრდებოდა აზრი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე აზრის გამოთქმის უფლება არ ჰქონდათ. სხვა ქსენოფობიური განცხადებები მიგრანტების და თურქების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთანავე, თურქოფობიური გზავნილები კვლავ გეოპოლიტიკური შინაარსის იყო და რეგიონში თურქეთის გავლენის შემაკავებელ ერთადერთ ძალად რუსეთს წარმოაჩენდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე აზრის დაფიქსირების უფლება არ აქვთ

 

კახა კალაძე, ქართული ოცნება: “ეს [ფადი ასლის განცხადება] არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი... მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებულისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“. 

ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის:  „ჯერ ვინ არის [ფადი ასლი], რომ საერთოდ თავს აძლევს უფლებას ასეთ მტკივნეულ და ეროვნულ საკითხებზე და ტერიტორიულ მთლიანობის საკითხებზე ილაპარაკოს ვიღაცა გადამთიელმა, რომელსაც არაფერი არ ესაქმება ჩვენს საშინაო პოლიტიკაში და არც საერთოდ არანაირად მას იმისი უფლებაც არა აქვს, რომ ამაზე პოზიცია დააფიქსიროს. ის არც საქართველოს მოქალაქეა და არც ვთქვათ, ის ადამიანი, რომელიც  გამორჩეულია საქართველოსადმი დიდი პატივისცემით და სიყვარულით… ცალსახა არის, ისეთ პოზიციას აჟღერებს, რომელიც პირდაპირ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ანუ ქვეყნის ღალატის ტოლფასი დამოკიდებულება...“

მიგრანტები ევროპულ იდენტობას საფრთხეს უქმნიან

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი, სახელისუფლებო ექსპერტი: ‘’ევროპულ იდენტობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მიგრაციული სქემები, რომელთა მეშვეობით ავთენტურ ევროპულ მოსახლეობას თანდათანობით აზიელი და აფრიკელი მიგრანტები ანაცვლებენ... ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობის მოსახლეობაში ადგილობრივებს უკვე უცხოელი მიგრანტები სჭარბობენ, რაც ევროპას ძალიან მალე მისი ავთენტური სახის სრულად დაკარგვას უქადის. აგენტოკრატიის პირობებში, ევროპულ საზოგადოებებს ამ გარედან თავსმოხვეულ პრობლემასთან დაპირისპირების არავითარი რესურსი არა აქვთ.’’

ლიბერალები საფრთხეს მხოლოდ რუსებში ხედავენ და არა, არაბებსა და ინდოელებში

ასავალ-დასავალი, 15 – 21 მაისი
პაატა აბულაძე, ქართული ოცნება
: „მოგეხსენებათ, ჩვენთან მიყოლებით შენდება არაბული და ინდური სოფლები, მაგრამ რატომღაც ჩვენი ლიბერასტები "განგაშის ზარებს" მხოლოდ რუსებზე არისხებენ."

უცხოელი გიდები ქართველებს სამუშაო ადგილებში ეცილებიან

თიკა სიბოშვილი, “რეზონანსის” ჟურნალისტი: "ქართველი პროფესიონალი გიდები სახლში სხედან და უცხოელები ჩვენს ქვეყანაში ფულს შოულობენ” ქვეყანაში უცხოელი გიდების მოზღვავება, უკვე რამდენიმე წელია პრობლემაა, თუმცა ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა..."

ქართველი ქალის უცხოელზე შერეული ქორწინება და სხვა ერის გამრავლება დაუშვებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ. წამყვანი: „ყველა, რომ ქართველი ქალი გაყვეს უცხოელს, ერი ვინ უნდა გაამრავლოს?... კატეგორიულად არ მივესალმები, რომ ქართველი ქალი უცხოელზე გათხოვდეს… ორი გოგო მყავს მე. მოიკვეთება ჩემგან საერთოდ და აღარც მინდა შვილად ის, თუ ქართველს არ გაყვა. ჩემი ქართველობის გასამრავლებლად და ჩემი ქართველი ერი მინდა, თუ არა, რად მინდა ამ ქვეყანაში უცხოელი იყოს. ამიტომ თითოეულმა ქართველმა შვილი უნდა აღზარდოს ისე, რომ ერი გამრავლდეს პირველ რიგში.“
თურქოფობია

თურქეთის საფრთხის შეკავება მხოლოდ რუსეთს შეუძლია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ. წამყვანი: “სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული საქართველოს შემადგენლობაში იქნება თუ არა აჭარა და გურია. რუსეთმა რო მწვანე შუქი აუნთოს თურქეთს, დღესვე ერთ წუთში თურქეთი მიიერთებს აჭარას და გურიას. ვიღაცას რო გონია, რო აი, დავანებოთ თავი ამ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, თქვენ რა გგონიათ, სხვა ტერიტორიები შეგრჩებათ, თქვე იდიოტებო? 2008 წლის ომი დამთავრებული არ იყო, ერდოღანი იყო მოსკოვში, ფიქრობდა რო მოვილაპარაკებ იქ პუტინთან მე, წავიღებ აჭარას და გურიას და სამაგიეროდ, მე დავეხმარები პუტინს, პუტინი დამთანხმდებაო, პუტინი არ დათანხმდა ამაზე ერდოღანს.”

ჰომოფობია

ჰომოფობიური გზავნილების ერთი ნაწილი პოლიტიკოსებს ეკუთვნოდათ, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც  უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას  ტრადიციული იდენტობის შენარჩუნებასა და ოჯახის ინსტიტუტის გაქრობის საშიშროებაზე ისაუბრა. ჰომოფობიურ დისკურსს ქმნიდნენ ასევე კრემლისტური პარტიები - პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მოიხსენიებდა და ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც “ჰომოსექსუალობის პროპაგანდის” აკრძალვას ითხოვდა.  

სხვა ჰომოფობიური გზავნილები ,,მერსედესის მოდის კვირეულს, ასევე ჟურნალისტებს ,,ჰომოსექსუალობის პროპაგანდისტებად" წარმოაჩენდა. ამასთანავე, როგორც ადრე, მკვიდრდებოდა აზრი, რომ იდენტობის დაცვა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთს ხელეწიფებოდა.

ტრადიციული იდენტობა / ოჯახის ინსტიტუტი საფრთხეშია

ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნება: “ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაა, დედა ქალია, მამა კი - კაცი… ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციული, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს, ეს ფასეულობები მხოლოდ წარსული მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს ჩვენი შვილები აღვზარდოთ… მხარს არ დავუჭერთ უმცირესობას აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, ისტორია ეფუძნება. ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა საფრთხეს წარმოადგენს არა რომელიმე რელიგია, უმცირესობა ან განსხვავებული აზრი, არამედ ის, ვინც, რწმენისა და ფასეულობების გარეშე, ცინიზმით შეიარაღებული ხშირად რელიგიის, დემოკრატიის სახელით სინამდვილეში თავისუფლებას და სიმართლეს უპირისპირდება.” 

ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი: “ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის კორექტული გენდერული იდენტობის შერჩევას. ჩვენთვის დედა იქნება დედა და მამას კი ისევ მამას დავუძახებთ, ყოველგვარი ნუმერაციისა და იქს–იგრეკის გარეშე. ჩვენთვის ოჯახი არის და იქნება მამაკაცისა და ქალის კავშირი. ჩვენ არ დავიწყებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით მოწამვლვას და მათ იდეოლოგიურ დამუშავებას. ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულურ დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს.” 

ჰომოსექსუალობა დაავადებაა

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენ გვითხრა, რო ელგებეტე, ლესბოსელობა გეობა არ ყოფილა დაავადება, ამ დროს არსებობს მეცნიერების სხვა ჯგუფი, რომ არსებობს გენეტიკური დაავადების სახით, ელგებეტე შეიძლება ატარებდეს გენეტიკურ დაავადებას, ეს არის გენში რღვევა, როდესაც მანდილოსანს მამაკაცის თვისებები აქვს და სხეულიც, ასევე პირიქით, კაცს ქალის, ასევე ფსიქოლოგიურიც, არსებობს ფსიქოლოგიურ გარდატეხა, არსებობს ძალადობრივიც, არსებობს გენეტიკური და არის გენეტიკური რაღაცეები.”

ლგბტქი იდეოლოგიის პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს

ზურაბ მახარაძე, ალტ. ინფო/კონსერვატიული მოძრაობა: “ელგებეტე თემაზე, დავუშვათ პროპაგანდის აკრძალვა, ხელმოწერები შევაგროვეთ, შეტანილია კანონი უკვე, ერთხელ გადადეს განხილვა უკვე, კაი, დავუშვათ, არ უნდათ ჩვენი კანონი რო მიიღონ, საერთოდ ფეხზე გვკიდია. ახლა გაჟღერდა, რო ფრიდონ ინჯია აპირებს მსგავსი კანონის ინიცირებას, საერთოდ არ გვაინტერესებს მაგაზე ქულების დაწერა, ოღონდ მიღებული იქნას. შეგიძლია უმრავლესობა ხარ, მიიღე კანონი, ის ანტიდისკრიმინაციული კანონი მე ხო არ მიმიღია, თვითონ მიიღეს.” 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: ‘’დადგა დრო, რომ მართლაც ჩვენ ამ იდეების ერთგულმა ადამიანებმა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლებშიც აიკრძალოს ლგბტ გარყვნილების პროპაგანდა, ტელევიზიებშიც აიკრძალოს და საზოგადოებაც კონსერვატიული იყოს…’’  

თბილისის “მერსედესის მოდის კვირეული” გეი პროპაგანდას ეწევა და მიმართულია ქართული ტრადიციული იდენტობის წინააღმდეგ

ასავალ-დასავალი, 15 – 21 მაისი
გიორგი გიგაური, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი:
"თბილისში, როგორც იქნა, გეი-პარადი ჩატარდა. მართალია, ეს კუტუნიობა რუსთაველის გამზირზე კი არა, მოდის კვირეულის დახურულ დარბაზში მოხდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ზუსტად მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერი ბუდაპეშტში, კონსერვატიული ძალების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა და ოჯახისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ლაპარაკობდა, თემურ ჭყონიას მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე კაბებში გამოწყობილი გეები დაჯლიგინობდნენ!...

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონიTV-ს წამყვანი: ‘‘კავკასიის მზე იყო საქართველო და კავკასიის ბორდელად აქციეს ეს ქვეყანა და ამის დასტური არის, ეხლა მე მინდა ძალიან გულმოსაკლავი სიუჟეტი შემოგთავაზოთ, რომელიც ეხება, აი, ამ კოკა-კოლას, იცით ალბათ ეს კოკა-კოლას მფლობელის ქალიშვილმა სოფო ჭყონიამ გააკეთა, ‘’მერსედეს Fashion week’’-ზე ჩვენება, გეების ჩვენება… თავი უნდა მოიკლა მართლა მამამ, როცა შენი შვილი ესეთ ჩვენებას მოაწყობს.’’

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: ‘’ეს [მერსედესის მოდის კვირეული] არის გარყვნილების პროპაგანდა ქვეყანაში და ამ გარყვნილების პროპაგანდაზე დასჯადი უნდა იყოს ეს ყველაფერი და ამიტომ ეს თვითონ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას მსგავსი რაღაცის ჩვენებები და მსგავსი რაღაცის პროპაგანდა ამ ქვეყანაში და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ტვინგახვრეტილი და ასეთი გონება გადაბრუნებული ადამიანები რომ გეყოლება ქვეყანაში, ხო და ამათ რო დააყენებენ წინა საფეხურზე და ამათ რომ მიცემენ ცხოვრების ასპარეზს ხელში, როგორი ქვეყანა უნდა აშენეს?..

ქართული ტელევიზიები ლგბტქი თემის პოპულარიზებას ახდენენ

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: “დღე და ღამე მუდამ იმაზე უნდა იყოს საუბარი, რო აფხაზეთი ჩვენია და სამაჩაბლო ჩვენია, მუდმივად უნდა ახსენებდეთ ახალგაზრდა თაობას, რა ისტორიული ნაწილია, ამაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა და არა ელგებეტე პროპაგანდაზე და იმ გარყვნილობაზე, რომელსაც ეს ბორდელ ტელევიზიები ეწევიან.” 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: ‘’მე არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვილაპარაკო ამ სახელმწიფო არხზე, პირველ არხზე რაც ხდება, ესეიგი ამ ტელევიზიას ხელმძღვანელობს ეს თიკო ბერძენიშვილი და ეს ქალბატონი, მე ასე მგონია, რომ არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალბატონი, იმიტო, რო ან ლესბოსელური ფილმები გადის, ან ბოდიში და გეი პროპაგანდისტული ფილმები გადის და ტელევიზიის ხელმძღვანელი, რომელიც ასეთ ფილმებს უშვებს, ალბათ თვითონ აქვს ეგ პრობლემები მაგას რა. თქვენ ხო არა ხართ ლესბოსელი ქალბატონო?’’

მართლმადიდებელი რუსეთი  იდენტობის დაკარგვის საფრთხისგან გვიცავს

ასავალ-დასავალი, 29 მაისი - 4 ივნისი
სერგეი გავრილოვი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი:
„კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლობის დაცვის ფუნქცია რუსეთმა იტვირთა. შეილება, ქართველმა ხალხმა ჯერ არც იცის, რომ რუსეთში ამჟამად იქმნება და უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს კანონები სქესის შეცვლისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელთაც მორწმუნეებთან ერთად რუსი ათეისტი საზოგადოებაც უჭერს მხარს, რადგან ყველას ესმის, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის, სამშობლოს, ზნეობისა და სულიერების გადარჩენა სხვაგვარად ვერ მოხდება.“

ანტიდასავლური

წინა პერიოდის მსგავსად მაისშიც ანტიდასავლური გზავნილები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს  ტრადიციული იდენტობის დაკარგვის საფრთხესთან აიგივებდა და დასავლეთიდან თავსმოხვეულ ჰომოსექსუალობაზე ამახვილებდა ყურადღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთში ჰომოსექსუალობის პროპაგანდის საფრთხის შედეგად  ჰომოსექსუალი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდაზე ყურადღებას სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის “იმედია” და “პოსტვ” ამახვილებდნენ. 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი/ევროინტეგრაცია=ტრადიციული იდენტობის დაკარგვას

სოსო მანჯავიძე, ერი მედია, გონიერის წამყვანი: „ერთის მხრივ, არის დაუშვათ აი, ესეთი უზრუნველყოფილი არეალი, დაუშვათ სოციალურად უზრუნველყოფილი მატერიალური დოვლათი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სივრცე ეკონომიკური ევროპა და მეორეს მხრივ, არის მოთხოვნა, რომ მაინცდამაინც ამ სივრცეში შესასვლელად აუცილებლად უნდა დათმო ის, რაც არის შენი მთავარი ღირებულებები - ქრისტიანული ღირებულებები, ეს მიაჩნიათ მეორეხარისხოვნად და გონიათ, რომ ამას რომ გთხოვენ, ეს გაივლის... აქ გეუბნებიან, რო იცი, რა ახლა, შენ რომ თეორიულად სადღაც შეხვიდე, გახდე სადღაც შესვლის კანდიდატი, ამისთვის სული უნდა დაკარგო, ანუ უნდა უარი თქვა შენს ღირებულებებზე, ანუ შენს რწმენაზე უარი უნდა თქვა და წარწყმდიდე, პირდაპირ ვთქვათ…“

გურამ მაჭარაშვილი, ხალხის ძალა: „რუსთაველს ვაღიარებთ, ჭავჭავაძეს ვაღიარებთ, ერეკლე მეორეს ვაღიარებთ, ჩვენ ვყოფილვართ რეგრესი და მაშინ, რა თქმა უნდა, არ არის იქ ჩვენი ადგილი. სადაც ის გვეუბნება, რომ კონსერვატორების ადგილი არ არის პროგრესულ ევროპაში და მეუბნება, რომ პროგრესული ევროპა არის: მეფე უარყავი; ოჯახი უარყავი; ქალი და კაცი სქესით არ განარჩიო ერთისგან; სახლში ბავშვი თუ შეგეკითხება, ვინ ვარ, შენ უნდა უთხრა, 18 წლამდე არ გავიგო მე შენ გოგო ხარ, თუ ბიჭი ხარ, შენ გაიზრდები და მერე შენ თვითონ აირჩიე გოგო ხარ, თუ ბიჭი ხარ. თუ ეს არი, მაშინ, რა თქმა უნდა, იქ არ არის ჩვენი ადგილი.“

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: ‘’სხვათაშორის, ბუნდესტაგის წარმომადგენელი არის ეხლა ჩამობრძანებული საქართველოში და თქვა, რომ ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ თუკი რაღაც ნაბიჯები გადაიდგმებაო, თქვენ დაკეტილი გექნებათო გზა ევროპისკენაო. სულ არ გვჭირდება ესეთი გზა, თუკი ჩვენ ეხლა აქ სოდომიას დავამკვიდრებთ, თუ ჩვენ სოდომიის გზა უნდა ვიაროთ, ეს გზა ნამდვილად ტაძრამდე ჩვენ ვერ მიგვიყვანს… რაც ეხლა ითქვა ბუდაპეშტში, უნდა იქნას რეალობაში ასახული და არც ერთი ნაბიჯი უკან, წინ უნდა ვიაროთ, ვინაიდან ჩვენ სამწუხაროდ, ევროპელები მხოლოდ ლგბტ გარყვნილების კანონმდებლობის მიღებას გვთხოვენ და ეს ნამდვილად ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ არის.’’ 

დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/გარყვნილების პროპაგანდას ეწევა

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი:  "საქართველოს ხელისუფლება  წარმოუდგენლად დიდი წნეხის  ქვეშ იმყოფება, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ … არ სრულდება იუვენალური დიქტატურა  _ ლგბტქ საზოგადოებისთვის გარანტირებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტოში. აქცენტები, რომლებიც დასვა პრემიერმა უნგრეთში, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო თავისი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთას შეასრულებს."

დიტო ჩუბინიძე, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: “ოკუპაცია მოხდა ჩვენს იდენტობაში, ყველგან შემოძვრნენ ესენი (დასავლეთი) როგორც ტარტაროზები და ოკუპაცია ხდება თითოეულ ქართულ ოჯახში, რომელსაც აძალებენ რო ჩვენი შვილები უნდა გვზარდოთ არა ისე, როგორც ჩვენი წინაპრები, არამედ ისე, რო თურმე მამას უნდა ერქვას მშობელი ნომერი 1, დედას მშობელი ნომერი 2, ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს ბიჭი იქნება თუ გოგო, გაიკეთოს თუა რა ის პლასტიკური ოპერაცია და შეიცვალოს სქესი.”

ლევან გაბაშვილი, “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი: „საქართველოში ყოველთვის იქნება ასე: ქალს ერქმევა დედა, ხოლო მამაკაცს – მამა, ამ ერთობას კი – ოჯახი!“ – თქვა ღარიბაშვილმა უნგრეთში და სწორედ ამ სიტყვებზე აპელირებს ყველაზე მეტად დასავლეთი, ჰომოფობიური განცხადებააო. ხვდებით ხომ, რაზე გვიკრძალავენ საუბარს და როგორ ცდილობენ, ოჯახსა და დედ-მამაზე საუბარი ჰომოფობიად მონათლონ? ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავენ და ამზადებენ იმისთვის, რომ დედისა და მამის პატივისცემა, მათზე საუბარი „ტეხავს“; რომ არ შეიძლება ოჯახი ტრადიციული იყოს; რომ ჩვეულებრივი მოვლენაა ოჯახში ორი მამა და ორი დედა; რომ ბავშვის გაზრდა ყველას შეუძლია…" 

ამერიკა უკრაინის სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში LGBTQ+ თემის პოპულარიზებას ეწევა

ლუკა მაისურაძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: "უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ამერიკულმა ფონდმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „გენდერულად მგრძნობიარე სწავლების მეთოდების შესახებ“... news-front.info-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა „Arcus Foundation“-მა გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად განათლების სამინისტრო და ამერიკული ფონდი  უკრაინის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში  „გენდერულად მგრძნობიარე სწავლების მეთოდების“ დასანერგავად ითანამშრომლებენ. ამერიკულ ფონდს სურს, მიაწოდოს კიევის რეჟიმს თემატური სასწავლო-მეთოდური პროგრამა სკოლამდელი დაწესებულებებისა და სკოლებისთვის. ისინი ასევე მიაწვდიან სამეცნიერო მასალებსა და სათამაშო კომპლექტებს. რას შეასწავლის უკრაინელ ბავშვებს ორგანიზაცია, რომელიც იცავს LGBTQ + თემის უფლებებს,  გასაგებია".

პროპაგანდის შედეგად ამერიკაში ჰომოსექსუალი ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება

ლევან ჯავახიშვილი, ტვ “იმედის” ‘ქრონიკის” წამყვანი: „ახლა კი გელაპის კვლევის რამდენიმე აქცენტს გაგაცნობთ, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოების ერთი ნაწილი კიდევ ერთხელ დააფიქრა საკუთარი შვილების მომავალზე. კვლევა  ამბობს, რომ ბოლო ათ წელიწადში მოზარდებისა და  მოზრდილების ელგებეტე თემის წარმომადგენლად  იდენტიფიცირების მაჩვენებელი 2-ჯერ არის გაზრდილი. უკვე  ისმის შეკითხვები, ხომ არ არის ეს იმის შედეგი, რომ სკოლაში ბავშვებს  გენდერულ იდენტობაზე და  სექსუალურ ორიენტაციაზე ესაუბრებიან?“ 

ზვიად ავალიანი, პოსტ. ტვ.-ს წამყვანი: „აშკარაა, რომ არის აგრესიული პროპაგანდა, რომელიც ჯერ ერთი მოქმედებს განსაკუთრებით მოზარდებზე და ახალგაზრდებზე. სულ ახლახან ჩატარებული კვლევით ამერიკაში, მაგალითად, სწორედ მცირე ასაკის, პატარა ასაკის, ანუ ე.წ. ჯენზის, რომ ეძახიან, მაგ ასაკობრივ კატეგორიაში აღმოჩნდა ყველაზე მეტი ადამიანი, რომელიც ლგბტქ თემს აკუთნებს საკუთარ თავს, რაც პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ ე.ი. პროპაგანდა ახდენს გავლენას ადამიანის თვითიდენტიფიკაციაზე იმიტომ, რომ ეს რომ ბიოლოგიურად იყოს განპირობებული მხოლოდ, მაშინ თაობებს შორის განსხვავება არ უნდა გვქონდეს.“

სექსისტური სიძულვილის ენა 

სექსისტური გზავნილები როგორც ოპოზიციური პარტიების ქალ პოლიტიკოსებს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს მიემართებოდა.

გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა

რიშა ონიანი, საზოგადოება სტალინი: “ ასე ვნებადაუოკებელი [ოპოზიციონერი] ქალების წიგორში ვართ და მაგათ ამ დაუოკებელ ენერგიას ამაში ახმარენ, ერთი კაცები არა ჰყავთ სახლში რო დააოკონ, გააჩერონ ან შვილები არა ყავთ რო გაზარდონ, ან მეზობლები არა ყავთ რო დეელაპარაკონ? ესე როგორ შეილება?”

გარეგნული მახასიათებლებით დაცინვა

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავლის ჟურნალისტი: „არ შეიძლება ამ ქალის ასე აშვება, გამოკვეთილი აგენტია, კაცო, ეს ხოშტარიას ქალი! გეუბნებით, რომ ესეიგი პიჯაკი რომ აცვია, გეუბნებით, მე უკვე მაგას ქალად ვერ აღვიქვამ, ეგ არის წეღან ვთქვი, რომ ალექსანდრე კოსიგინსა ჰგავს სუფთა, გეუბნებით და აი, შესასწავლია გამოწვლილვით მაგის საქმიანობა. ხომ იცით ვინც არის? მიხედეთ დროზე!“

ანტიფემინიზმი/მიზოგინია

 

გრიშა ონიანი, საზოგადოება სტალინი: „...ასე გამოიგლოვა საქართველომ ეს უცნობი ჯარისკაცის ნეშტი და მისი საფლავი და ეს დედაკაცი ვიღაცა, საქართველოს სირცხვილი, სირცხვილი, მენშევიკების ნაძირალა, ვიღაცა ამბობს, რომ ეს უნდა ამოვთხაროთ და იქ… ვიღაცეები უნდა თურმე დავმარხოთ იქა. დამარხონ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ებრძოდენ...აი ასეთი პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და მაგისი აზრის გამზიარებელი თუ ჩვენი ხელისუფლებაა, მაშინ იქაც დაღუპულად გვქონია საქმე და აქაც დაღუპულად გვქონია.“

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ.-ს წამყვანი: “...მეორე სქემა, ქართველ ზონდერ-ფაშისტურ-ფემინისტურმა ჯგუფებმა უნდა გაიხადონ, გაშიშვლდნენ და "სტოპ პუტინ" და იმწუთასვე ბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო.”

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia