Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

სექტემბრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ქსენოფობიური გზავნილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხესთან აიგივებდა, რის გამოც პატრიოტთა ალიანსი - უცხოელებზე მიწების გაყიდვის აკრძალვის, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა კი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობდა. ტრადიციული გზავნილი, რომ, თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია, აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების კონტექსტში გააქტიურდა. სეზონი TV-ის მტკიცებით, თუ სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა მისაღებია, რუსეთთან დიალოგიც მისაღებია.
  • თურქობოფიურ გზავნილებს მეტწილად ასავალ-დასავალი და სეზონი TV ავრცელებდნენ. მეზობელი ქვეყანა წარმოჩენილი იყო ოკუპანტად, რომლისგანაც მომდინარე საფრთხის განეიტრალება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. იმავე აქტორების მტკიცებით, თურქეთი დიდგორობის აღნიშვნას გვიკრძალავას, ხოლო მისგან მიტაცებული ქართული მიწები რუსეთმა დაგვიბრუნა.
  • არმენოფობიურ ნარატივებს შორის გვხვდებოდა კონსპირაციული თეორია, თითქოს საქართველოში სომხური კარტელი მოქმედებს, რომლის წევრებიც გვარგადაკეთებული ქართველი ბიზნესმენები არიან. ამავე თეორიით, სომხური ლობი საქართველოში ფინანსების გაკონტროლებას ცდილობს, რათა ის ქართულ საქმეს არ მოხმარდეს. არმენოფობიულ გზავნილს ავრცელებდა კონსერვატიული მოძრაობაც, რომელიც სომეხ ეთნოსს აფხაზეთის დაკარგვაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებდა.
  • რასისტული გზავნილის ერთი შემთხვევა ფერადკანიან ადამიანებს წარმოაჩენდა დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფ მოქალაქეებად, რომლებიც  საქართველოში პრივილეგიებით სარგებლობენ.
  • ჰომოფობიურმა გზავნილებმა განსაკუთრებული სიმძაფრე არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიძინა. ოპოზიციის დისკრედიტაცია მათი ლგბტქია+ ადამიანებად წარმოჩენით ხდებოდა. მკვიდრდებოდა აზრი, რომ ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ლგბტ გარყვნილებას დააკანონებს, ამის თავიდან ასარიდებლად კი მმართველი გუნდი საზოგადოებას ლგბტ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, ჰომოფობიური ნარატივები დაუკავშირდა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს. ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული ძალები მომხდარს რიგით კრიმინალურ აქტად წარმოაჩენდნენ, რომელთანაც ჰომოფობია არაფერ შუაშია, ტრანსგენდერი ქალის გამო გლოვა კი მიუღებლად მიიჩნეოდა.
  • ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ შორის, მმართველი პარტია ავრცელებდა. მასთან აფილირებული პრორუსული და კონსერვატიული ძალების მსგავსად, ქართული ოცნება დასავლეთს იდენტობასა და ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლად წარმოაჩენდა, რომელიც საქართველოს ჰომოსექსუალობასა და მიუღებელ ღირებულებებს ახვევს თავს, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად კი “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ ანტილბგტ კანონის კრიტიკას მოჰყვა გზავნილები, თითქოს ევროკავშირი ინტეგრაციის სანაცვლოდ ჰომოსექსუალობის დაკანონებას ითხოვს და საქართველო ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის სწორედ ამ საკითხზე უარის თქმის გამო იჩაგრება.
ქსენოფობია

ქსენოფობიური გზავნილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსთვის საფრთხედ წარმოაჩენდა: პატრიოტთა ალიანსი - უცხოელებზე მიწების გაყიდვის აკრძალვაზე, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა კი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებაზე აკეთებდა აქცენტს. ტრადიციული გზავნილი - “თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია” - აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების კონტექსტში გააქტიურდა. სეზონი ტვ-ის მტკიცებით, თუკი თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა მისაღებია, რუსეთთან დიალოგიც მისაღებია.

უცხოელებზე მიწების გაყიდვა უნდა აიკრძალოს

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “მიწები ნაყიდი აქვს სწორედ უცხოელებს, ვთქვათ, ირანელებს და მერე აქირავებენ ქართველ ფერმერზე, ქართველ გლეხზე. ამიტომ, თუ ეს არ ავკრძალეთ ჩვენ, სხვა ხალხი დაეპატრონება ჩვენს მიწებს”. 

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “საემიგრაციო პოლიტიკა უნდა შევცვალოთ საქართველოში და უცხოეთიდან ჩამოსული, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები როგორ ხვდებიან საქართველოში, ცხოვრების თუ მოქალაქეობის მიღების პროცესი, ეს უნდა გართულდეს… არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველოში, აი, ეს რაღაც დემოგრაფიულ პრობლემას, რაც არის შობადობა საქართველოში, ქართველები ვცოტავდებით და თან მიგრაცია, ანუ ქართველები გადიან, გარბიან ქვეყნიდან, ამას კიდე დამატებით ემატებოდეს პრობლემა ის, რომ უცხოელები ჩამოდიოდნენ აქ საცხოვრებელად”.

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “...ქართული სიმდიდრე უცხოელების ხელშია და უცხო მაგნატების ხელშია და გაედინება ისე, რო ხალხი შიმშილის პირზეა აქ და გარბის საქართველოდან, ეს არი რეალობა”.

თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: „ბიძინა ივანიშვილმა რომ გააკეთა სამშვიდობო განცხადება [აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდაზე]... გამოაცხადეს ქვეყნის მტრად… ლაპარაკობენ, მე ოსთან არასდროს სუფრაზე არ დავჯდები, მე აფხაზთან არასდროს სუფრაზე არ დავჯდები, მაშინ თურქებთან რატომ ზიხართ მაგიდაზე, მაშინ რატომ ზიხართ იგივე აზერბაიჯანელებთან, რომლებმაც გარეჯი წაგვართვეს? მე არ ვიძახი, არ ვეთანხმები, გასაგებია, აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან და თურქებთანაც კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს... მაგრამ მათ ლოგიკას რომ გავყვეთ, ასე გამოდის, თუ ვინც ტერიტორია წაგართვა, შენ არ უნდა დაჯდე, არ უნდა დაილაპარაკო, მაშინ არავისთან არ უნდა დავილაპარაკოთ ჩვენ, იმიტომ, რომ ყველას ჩვენი ტერიტორიები აქვს არ წართმეული.“

თურქოფობია

თურქობოფიურ გზავნილებს უმეტესად სეზონი TV და ასავალ-დასავალი ავრცელებდნენ. მეზობელი ქვეყანა წარმოჩენილი იყო ოკუპანტად, რომლისგანაც მომდინარე საფრთხის განეიტრალება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. სეზონი ტვ-ის მტკიცებით, თურქეთი დიდგორობის აღნიშვნას გვიკრძალავას, ხოლო მისგან მიტაცებული ქართული მიწები რუსეთმა დაგვიბრუნა.

თურქეთის შეკავება მხოლოდ რუსეთს შეუძლია

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „იმ დროს, როცა რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია ჩართული, კავკასიასა და საქართველოში თურქული გავლენა იზრდება და ყოველწლიურად 700-ზე მეტი ქართველი ქალი ოფიციალურად, ქორწინების ძალით იყოფს სარეცელს თურქ კაცთან.“

ნიკოლოზ მჟავანაძე,  სეზონი TV-ის ჟურნალისტი: ,,ჩვენ ვბრძოლობთ იმისათვის, რომ ვიცით აი ამ ურთიერთობების აღდგენას შეუძლია არა მარტო აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება, არამედ საქართველოს გადარჩენა, თუ რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხში შევა, ჩვენ დავკარგავთ აჭარას, აჭარას წაიღებს თურქები, ჩვენ დავკარგავთ ქვემო ქართლს, ჩვენ დავკარგავთ ჯავახეთს და საქართველო საერთოდ გაქრება და გამქრალიც იყო, რომ არა ის გეორგიევსკის ტრაქტატი”.


დიტო ჩუბინიძე, ასასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „კრემლის ზოგადკავკასიური პოლიტიკა და ქრისტიანული საქართველოსადმი დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ მოსკოვი ნირისა და ზნის შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს. არადა, საქართველო ისლამურ გარემოცვაში ძლიერი ქრისტიანი მოკავშირის გარეშე რჩება, რაც ქმნის იმის ცდუნებას, რომ თურქეთმა ეროვნული აღთქმის დოკუმენტებში ჩამოთვლილი პუნქტების შესრულება სწორედ საქართველოდან დაიწყოს! კაცმა რომ თქვას, ბათუმი და აჭარა თურქეთს, ფაქტობრივად, მიტაცებულიც აქვს!“

დიდგორობის აღნიშვნას გვიკრძალავს

ნიკოლოზ მჟავანაძე,  სეზონი TV-ის წამყვანი: “თურქეთი აღნიშნავს ზარზეიმით ჩვენი ძირძველი ტერიტორიების მითვისებას ყოველწლიურად, თან პომპეზურად და ამ დროს ჩვენ გვიკრძალავენ თურქები დიდგორობის სათანადო დონეზე აღნიშნავს... ელჩმა ერთხელ თქვა კიდევაც, თქვენ ასე კი არ უნდა აღნიშნოთ, ისე უნდა აღნიშნოთო, რაღაც დირექტივები მოგვცა…”

აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა

ლექსო კობაიძე, ადვოკატი: „დღეს რა ხდება ჩვენს აჭარაში? სადაც არ უნდა გაიაროთ, თქვენ ნახავთ საქართველოს დროშას, ასევე ნახავთ თურქეთის დროშა… როცა პირიქით, უნდა იყოს  საქართველოს დროშა და უნდა იყოს რუსეთის დროშა, ვინც კი მართლაც და ჩვენს ისტორიულ, მნიშვნელოვან მონაკვეთში ჩვენს გვერდით აღმოჩნდა… შესაძლებელია იმპერია იყო, მაგრამ ხომ აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო და დღეს მათი წყალობით არის ჩვენი  შემადგენელი ნაწილი აჭარა.“

თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “...ჩვენ რო აღვნიშნავთ დედა სამშობლოსთან ამ ტერიტორიების დაბრუნებას, იქ უნდა აღვნიშნოთ იმ რუსების როლი ამ ყველაფერში, უნდა აღვნიშნოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი მარტო რუსი მოღალატე და მე მაინტერესებს  თურქულ-ქართული ურთიერთობებიდან რა გვაქ ერთი საამაყო: ტაო-კლარჯეში ატყავებდნენ რელიგიის გამო ადამიანებს, წაგვართვეს ტერიტორიები და თურქეთი ითვლება სტრატეგიულ მოკავშირედ და რუსეთი არის მტერი, გესმით? ქვეყანა, რომელმაც ტერიტორიები დაუბრუნა საქართველოს და დღეს თუ რუსეთის გამო არის რაღაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით დაკარგული, ესეც ჩვენი უტვინობის გამოა დაკარგული”.

ზურაბ მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: „ნამყოფი ვარ საქართველოს ისტორიულ მიწებზე, რომელსაც ეხლა თურქეთი აკონტროლებს და მე იქ, რაც მაქ ნანახი, თვალნათლივ ვხედავ, რუსეთი რომ აკონტროლებდა აქაურობას, ქართულად ვლაპარაკობ, ქრისტიანი ვარ, კულტურა შევინარჩუნე და იქ ნანგრევებია მარტო დარჩენილი.“

არმენოფობია

არმენოფობიურ ნარატივებს შორის გვხვდებოდა კონსპირაციული თეორია, თითქოს საქართველოში სომხური კარტელი მოქმედებს, რომლის წევრებიც გვარგადაკეთებული ქართველები არიან. ამავე თეორიით, სომხური ლობი საქართველოში ფინანსების გაკონტროლებას ცდილობს, რათა ის ქართულ საქმეს არ მოხმარდეს. არმენოფობიურ გზავნილს ავრცელებდა კონსერვატიული მოძრაობაც, რომელიც სომეხ ეთნოსს აფხაზეთის დაკარგვაში თანამონაწილეობაში სდებდა ბრალს.

საქართველოში სომხური ფინანსური კარტელი  მოქმედებს

ლაზარე ჯორბენაძე, იურისტი: „სომხური ლობი თბილისში მოქმედებს, თუ მოქმედებს! ე.წ. თემურ ჭყონია, ე.წ. ჭუტა წერეთელი, ე.წ. მამუკა ხაზარაძე და არაერთი „ქართველი“ ბიზნესმენი სწორედ სომხური ლობის წევრები არიან, რომელიც თბილისში ვითომდა ქართველი, ძირითადად, ე.წ. თბილისელი ბიზნესმენების საფარქვეშ მოქმედებს. ეს არის უმსხვილესი ფინანსური კარტელი, რომელიც საქართველოში უზარმაზარ ფულს ფლობს. მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკი“ სომხურმა ლობმა საქართველოში ფულის გასაკონტროლებლად შექმნა, რათა ფინანსები ეროვნულ, ქართულ საქმეს არ მოხმარდეს!“

აფხაზეთის დაკარგვაში სომხების წვლილიცაა

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა:  “-სომხებზე ძაან არასწორი წარმოდგენებია აფხაზეთში. რაღაც ეგეთი მითებია, რომ სინამდვილეში სომხები მართავს. სინამდვილეში, სომხები ძაან დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან აფხაზეთში. აფხაზეთში სომხებს ძაან ცუდად ექცევიან. 

ზურა მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: - რაშიც არის გარკვეული ისტორიული სამართლიანობა იმიტომ, რომ სომხებმა რა წვლილიც შეიტანეს, ჩვენ რომ ეგ ტერიტორია დავკარგეთ, ეგ მერე შემოუბრუნდათ”.

რასიზმი

საქართველო და მსოფლიო ფერადკანიან ადამიანებს წარმოაჩენდა დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფ მოქალაქეებად, რომლებიც  საქართველოში პრივილეგიებით სარგებლობენ.

დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი ფერადკანიანი ადამიანები საქართველოში პრივილეგიებით სარგებლობენ
 

ლევან გაბაშვილი, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: "ჩვენთან მთავარია, ფერადკანიანი იყო და რომც არ იცოდე, ბურთი მრგვალია თუ ოთხკუთხედი, ძირითადში ადგილი [ნაკრებში] გარანტირებული გაქვს. აი, თუ გაგიმართლა, ბურთი მოგხვდა და კარში შეგორდა, მეორე პელედ თუ არა, რუუდ გულიტად ნამდვილად გაღიარებენ… ეს აფრიკელი ლეგიონერები სოფლად მიტოვებულ ოჯახებს აქედან ინახავენ, იმ სოფლად, რომელშიც ტალახით, ცხოველის ფუნითა და თივით აშენებული საცხოვრებელი 3 დოლარი ღირს. იქ არც იციან საქართველოს არსებობა. იქ, უბრალოდ, იციან, რომ მათი სოფლელი სადღაც ბურთს აგორებს (ჰო, ბურთს აგორებს და არა ფეხბურთს თამაშობს), რომ ნორმალური შემოსავალი აქვს და შეუძლია ერთი თვის ხელფასით მთელი სოფელიც კი ააშენოს თუ  გააშენოს…”

ჰომოფობია

ჰომოფობიური გზავნილები განსაკუთრებით მწვავედ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საჭიროებაზე ტრადიციული ნარატივების გარდა, ქართული ოცნება ამჯერად ამკვიდრებდა აზრს, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება სწორედ პროპაგანდის კონსტიტუციურ დონეზე ასაკრძალად სჭირდება. ოპოზიციის დისკრედიტაცია მათი ლგბტ პროპაგანდისტებად და თემის წევრებად წარმოჩენით ხდებოდა. ვრცელდებოდა მტკიცება, რომ ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ლგბტ გარყვნილებას დააკანონებს, ამის თავიდან ასარიდებლად მმართველი გუნდი საზოგადოებას ლგბტ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, ჰომოფობიური გზავნილების გააქტიურება მოჰყვა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს. ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული ძალები მომხდარს რიგით კრიმინალურ აქტად წარმოაჩენდნენ, რომელთანაც ჰომოფობია არაფერ შუაშია, ტრანსგენდერი ქალის გამო გლოვა კი ტრადიციებთან შეუთავსებლად მიიჩნეოდა.

ლგბტ პროპაგანდა უნდა აიკრძალოს

ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება: „უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა"

გურამ მაჭარაშვილი, ხალხის ძალა: "გნებავთ, ადამიანი ბიოლოგიურად სხვა სქესის არ იყოს, მაგრამ თავს სხვა სქესს მიაკუთვნებდეს, სახელმწიფო ვამბობთ – ბავშვმა უნდა იცოდეს, დედა ქალია თუ კაცია და მამა ქალია თუ კაცია, თუნდაც იყოს სამედიცინო ჩარევა ან არ იყოს".

გოჩა თევდორაძე, პატრიოტთა ალიანსი: “არის რაღაც თემები ისეთი, თუნდაც ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, ეხლა კანონპროექტს, რომ იხილავს ქართული ოცნება, აუცილებლად საჭიროა, რომ ეს პროპაგანდა ამ ქვეყანაში არ არსებობდეს, არავინ ფიქრობდეს ერთსქესიანთა ქორწინებაზე…”

საკონსტიტუციო უმრავლესობა ოცნებას ლგბტ პროპაგანდის ასაკრძალად სჭირდება

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: “ეს ლეგიტიმაცია გვინდა საზოგადოებისგან. ეს არჩევნებთან არის დაკავშირებული – ისე ამბობენ [ოპონენტები], თითქოს, ჩვენ ვმალავდეთ. დიახ, არჩევნებთან არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ ხალხს ვეუბნებით: მოგვეცით ლეგიტიმაცია მაღალი, რომ ეს გავაკეთოთ. რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მხოლოდ კანონი კი არ მივიღოთ, რის განხილვაში შემოსვლას ვერ ბედავენ, არამედ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ…”

 

დავით ზარდიაშვილი, საქართველო უპირველეს ყოვლისა: “თეორიულად, ეს [ლგბტქ+პროპაგანდის ამკრძალავი კონსტიტუციური კანონის მიღება] თითქოს არ ნიშნავს მაინცადამაინც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ვინაიდან ამ საკითხში ნაცების და მათი გამონაყოფი ანტიკონსტიტუციური პარტიების გარდა, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად… ამიტომ კეთილი ნების კონსოლიდაცია უმჯობესია „ქართული ოცნების“ პლატფორმით და მის გარშემო მოხდეს ამ საკითხშიც. ხოლო სხვაგვარი მოსაზრებები, რაც ხმების დაფანტვას თუ გამოიწვევს, „ლიბერასტთა“, ე.ი. ლგბტქ+-ის ბანაკის, წისქვილზე დაასხამს წყალს”.

ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდისტია/არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ლგბტ გარყვნილებას დააკანონებს

დავით ქართველიშვილი, ხალხის ძალა: “ჩვენ მაინც ,,დავააფდეიტოთ" პერიოდულად ნაცსექტის საარჩევნო პროგრამა… სექტის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლებაში მოსვლისთანავე: ...კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, LGBTQ+ თემის განსაკუთრებული როლის თაობაზე ქვეყნის ცხოვრებაში… დაკანონებული იქნება არასრულწლოვანთა მიერ სქესის შეცვლის უფლება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მათ მიერ ბავშვთა აყვანის შესაძლებლობა".

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „უნაკლო ეს ხელისუფლება არ არის, მაგრამ შევხედოთ, ვინ დგას მეორე მხარეს და ვინ იბრძვის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ესენი არამარტო უსამშობლო ხალხი, არამედ უდედო და უმამო ტრანსგენდერები არიან!“

ამომრჩეველმა არჩევანი ლგბტ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის უნდა გააკეთოს

ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება: “...ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ეს არის რეფერენდუმი, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ რას აირჩევს ქართული საზოგადოება, აირჩევს ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ლგბტ პროპაგანდას, თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს. რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს.’’ 

არჩილ გორდულაძე, ქართული ოცნება: “ეს არჩევნები იქნება ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი, არჩევანი ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვნების დაცვას, ჩვენს ეკლესიას და მეორე მხრივ, პირდაპირი მნიშვნელობით იმ ამორალურ ლგბტ პროპაგანდას თუ უღირსობას შორის, რომელზეც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არის”.

ლგბტქია+ ადამიანები უნდა დაიხოცონ/მათ გამო გლოვა მიუღებელია

გრიშა ონიანი, საზოგადოება სტალინი: „რაც მალე ამოწყდებით [საუბარია ლგბტქია+ ადამიანებზე], რაც უფრო მალე გასუფთავდება რესპუბლიკა ამ უბედურებისაგან, ხომ, უფრო მეტად დაისვენებს ქვეყანა და ამოისუნთქებს, კაცო“.

გრიშა ონიანი, საზოგადოება სტალინი: „მე ამაზე [კესარია აბრამიძეზე] კარგს ვერასოდეს ვერ ვიტყვი. აი, ეს შეიძლება იგლოვოს ვაშაძემ, შეიძლება იგლოვოს ესა, რომელიც ძმას მაყარში გაყვა, რო გათხოვდა, აი, იმან, იმან შეილება იგლოვოს. მე არ შემიძლია, ჩემი ტრადიციებიდან გამომდინარე, ჩემი სარწმუნოებიდან გამომდინარე, რომ მე ვიგლოვო კესარია. ეს არის ჩემი შეურაცხყოფა, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა, ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფა.“

ტრანსგენდერი ქალი საკუთარი თემის წევრმა მოკლა/ჰომოფობია არაფერ შუაშია

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „სირცხვილი ის არი, რომ ვიღაცა ტრანსგენდერები მოძრაობენ, პრობლემას ვერ ხედავენ და რას დაემსგავსა ეს ქვეყანა?... უკვე ვეღარ წყნარდებიან, ერთმანეთს დაერივნენ… ერთი კაცის საყვარელი იყო მეორე კაცი, პიდარასტი იყო ის მკვლელი ისევ და რა შუაშია, აი, ეროვნული ნაწილი რა შუაშია? თქვენნაირი ვიღაცა იყო, თქვენი წიაღიდან  და ყველანაირად პერვერტები ხართ და სამარცხვინო ნაწილი ხართ საზოგადოების.“

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: „შეიძლება ისე ლაფში ამოსვარო ყველაფერი, მთელი ქვეყანა, ესე იგი თითეული ტრანსგენდერის სიკვდილის გამო? გამოვიდა ეს, ბოდიში და, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ჟურნალისტები, რომლებიც დღე და ღამე ჩხავიან და ყავიან და ესე იგი ლაპარაკობენ იმის შესახებ რო აი, ჩვენ მოვკალით ეს ქალბატონი. მე რატომ მოვკალი, ვერ გავიგე, მე რა შუაში ვარ, ან ჩემი სტუმრები რა შუაშია, ან სხვები რა შუაში არიან ამ მკვლელობასთან, მე, მე შევუვარდი იმ ადამიანს, მე დავასახიჩრე, მე მოვუწოდე, ან ვინმემ მოუწოდა ტელევიზიით?! სამწუხაროდ ესეა საზოგადოება შექმნილი, რო ვერ, ვერ გაცდება ეს ყველაფერი იმ ბუნებრივ კანონზომიერებას, აბელმა მოკლა კაენი…”

ზურა მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: „[კესარია] გეი-ტრანსი მოკლა მეორე გეიმ და ესენი დარბიან და ჰომოფობიის ბრალიაო... ჰომოფობიის ბრალი კი არა, ჰომოფილიის ბრალია. ანუ ის, რომ ეხლა მენტალურად არ იყო ჯანმრთელი ის ადამიანი და ეს მეორეც, ეხლა მაგასთან რომ იყო, ეგეც არ იყო მენტალურად ჯანმრთელი, ორი მენტალურად არაჯანმრთელი ადამიანის ერთად ყოფნამ გამოიწვია, ბოლოს ერთმა მეორე მოკლა.“

ანტიდასავლური

ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ შორის, მმართველი პარტია ავრცელებდა. მასთან აფილირებული პრორუსული და კონსერვატიული ძალების მსგავსად, ქართული ოცნება დასავლეთს ეროვნულ იდენტობასა და ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლად წარმოაჩენდა, რომელიც საქართველოს ჰომოსექსუალობასა და მიუღებელ ღირებულებებს ახვევს თავს, ამის თავიდან ასაცილებლად კი “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ ანტილბგტ კანონის კრიტიკას მოჰყვა გზავნილები, თითქოს ევროკავშირი, ინტეგრაციის სანაცვლოდ, ჰომოსექსუალობის დაკანონებას ულტიმატუმად გვიყენებს, საქართველო კი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის სწორედ ამ საკითხზე  უარის თქმის გამო იჩაგრება.

საკონსტიტუციო უმრავლესობა ოცნებას უცხო ქვეყნებისგან ტრადიციული იდენტობის დასაცავად სჭირდება

ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება: „გპირდებით, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში, საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები, არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები, რაზეც ვიზრდებოდით ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები”.

დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/პედოფილიას

ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნება: “ამ ლგბტ თემასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება რომ ითქვას, არსებობს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები. ამ ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებში არსად არ წერია, რომ ლგბტ იდეოლოგია არის კაცობრიობის ფუნდამენტალური უფლება. ეს არის რაღაც ახალი რელიგიასავით, რომლის შემოტანა და დამკვიდრება უნდათ კაცობრიობაში. ნუ, ყოველ შემთხვევაში ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილში ეს იდეოლოგია სამართლებრივად იქნა გაფორმებული”. 

ევროკავშირი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/პედოფილიას/ევროინტეგრაციის სანაცვლოდ, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას გვთხოვს

ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება: “როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, არავითარი ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შეზღუდვაზე… ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი. ჩვენთვის ევროპა ნიშნავს სწორედ რომ ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი.’’ 

ვატო შაქარიშვილი, ერთიანი ნეიტრალური საქართველო: “...ეს ქვეყანა [უკრაინა] მიუხედავად იმისა, რომ არის ტრაგიკულ უმძიმეს ომში, იცლის იმისათვის, რომ დაბომბილ ქალაქებში ჩაატაროს ლგბტ პრაიდები და სწორედ ამიტომ ხდება უკრაინის შეფასება პოზიტიურად და საქართველოს შეფასება ნეგატიურად, როდესაც ყველა ობიექტური კრიტერიუმით ვართ გაცილებით უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, ეს არის სწორედ ის არაფორმალური პრინციპები, არაფორმალური კრიტერიუმები, რომელსაც დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია იყენებს ჩვენს და ზოგადად კანდიდატი ქვეყნების შესაფასებლად…”

სოსო მანჯავიძე, ერთობა, რაობა, იმედი: „ღიად გვეუბნებიან, აუცილებლად ლგბტ ფასეულობები უნდა დანერგოთ და პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი არ მიიღოთო, თანაც თავიანთ აღიარებულ გეებს [მიხაილ როთს] გვიგზავნიან. დიახ, ავანსად გვეუბნებიან - გაპიდარასტით და მერე ან მიგიღებთ ევროკავშირში, ან არა, მაგრამ ეგ ბედნიერება ხომ შეგრჩებათო.“ 

დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/ოჯახს

დავით მათიკაშვილი, ქართული ოცნება: “...ეს საკითხი იმდენად აქტუალური ხდება, რომ ვენეციის კომისიიდან როდესაც მოვიდა ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე პასუხი, იქ პატივცემულებმა ჩაწერეს, რომ იცით, რა, არათუ მარტო ეს კანონი, კონსტიტუციაში რომ გიწერიათ, რომ ქალის და მამაკაცის კავშირია ოჯახიო, ისიც გააუქმეთო და ეს სივრცე ღიად დატოვეთო. არა, ამას არავინ არ გააუქმებს. ქვეყანა იქნება ყოველთვის მოწადინებული, მოწოდებული და დარაზმული იქითკენ, რომ ჩვენი ოჯახური ღირებულებები და ჩვენი არასრულწოვანთა უფლებები იქნეს მაქსიმალურად დაცული პროპაგანდისგან”.

ევროპა თავს გვახვევს მიუღებელ ღირებულებებს
 

შოთა აფხაიძე, ისლამის კვლევის კავკასიური ინსტიტუტი: "ევროპის პოლიტიკის გარდა, სხვა არავინ არ ახვევს თავს, აი, ამ სისულელეებს და გარყვნილებას ადამიანებს, ამ ამორალურ და უზნეო რაღაცეებს, ნორმებს არ თესავს სხვა არავინ." 

რუსეთი დასავლეთის საპირწონედ

ზურა მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: „მე მაგალითად ნამყოფი ვარ დუბლინში, ნამყოფი ვარ ბარსელონაში, რომში ვარ ნამყოფი და... მე არ მინახია რუსეთში, არასდროს იმდენი მთვრალი, ცხოველად გადაქცეული, აი, ხლამში მთვრალი  მაგდენი  ხალხი, როგორიც იყო დუბლინში… ამათ ხომ წარმოუდგენიათ, რომ იქ რაღაცა მთვრალი, ვიღაცა რუსები ყრიან და ბალალაიკაზე დათვი უკრავს, აი რამდენი მთვრალი მე დუბლინში ვნახე, პარასკევს საღამოს დუბლინში, რომ დადიხარ, მე ეგეთი ჯოჯოხეთი არ მინახია არასდროს. რუსეთში ადგილი არ არის, სადაც ეგეთი ხდება.  ქუჩაში ვიღაცა, აი კოლიზეუმი ხომ არის, ორი ქუჩით გვერდზე ვიღაცა ქუჩაში, რომ ბოდიში მომითხოვია და შარდავს, რომში მინახია. აი ქალაქის ცენტრში, წითელ მოედანთან, რუსეთში, ეგ არ ხდება.“

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia