Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

ივლისისა და აგვისტოს თვეებში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ქსენოფობიური გზავნილები მიგრანტების შემოსვლას ეროვნული იდენტობის დაკარგვასთან აიგივებდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აგენტებად წარმოაჩენდა და მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში სდებდა ბრალს. პატრიოტთა ალიანსი უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვის საჭიროებაზე საუბრობდა, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა კი მათთვის სუროგაციის აკრძალვის პირობას დებდა.
  • თურქოფობიული ნარატივები მეზობელი ქვეყნიდან მომდინარე კულტურული და რელიგიური ექსპანსიის საშიშროებაზე აკეთებდა აქცენტს, თურქეთის საპირწონედ კი  იდენტობის დამცველ რუსეთს გვთავაზობდა. მკვიდრდებოდა აზრი, რომ თუ რუსეთი ოკუპანტია თურქეთიც ოკუპანტია, თურქეთის მიერ მიტაცებული რეგიონები კი რუსეთმა დაგვიბრუნა. 
  • არმენოფობიურ ნარატივს, რომ სომხები სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ითვისებენ, პატრიოტთა ალიანსი ავრცელებდა. გასული თვეების მსგავსად, სომხური იდენტობა კვლავ ნეგატიურად იყო წარმოჩენილი. გარდა ამისა, გვხვდებოდა გზავნილი, რომ სომხებს აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობის მორალური და იურიდიული უფლება არ აქვთ. 
  • ისლამოფობიურ გზავნილები ისლამურ რელიგიას საფრთხედ განიხილავდა. კონსერვატიული მოძრაობის მტკიცებით, ქართველებს ისლამის მიღებამ თავიანთ თანამემამულეებთან კავშირი დააკარგვინა, მაშინ როცა რუსეთის იმპერიამ რელიგიური იდენტობა შეგვინარჩუნა.
  • ჰომოფობიურ ნარატივებს, მათ შორის, მმართველი პარტია, ქართული ოცნება ავრცელებდა, რომელიც კვლავ ლგბტ პროპაგანდისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის საჭიროებაზე საუბრობდა, პროპაგანდის არსებობის მტკიცებულებად კი ამჯერად პარიზში გამართული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მოჰყავდა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჰომოფობიური გზავნილების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე აქტორები ოლიმპიურ თამაშებში ლგბტქია+ ადამიანების მონაწილეობას გმობდნენ და ორგანიზატორებს რელიგიური სცენების გაშარჟებაში სდებდნენ ბრალს. აგვისტოს თვეში გაჩნდა გზავნილები, რომლითაც მმართველი პარტია ამკვიდრებდა აზრს, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება “ოცნებას” ლგბტ პროპაგანდის ასაკრძალად სჭირდება. ალტ-ინფო კონსერვატიული მოძრაობა კვლავ ექსტრემისტულ განცხადებებს ავრცელებდა და ლგბტ პროპაგანდის/ლგბტქია+ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობას ამართლებდა. ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია მათ მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სექსუალურ იდენტობაზე ხაზგასმით ხდებოდა.
  • ოლიმპიური თამაშები იყო ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი თემაც, რასაც დაუკავშირდა ტრადიციული გზავნილები იმის შესახებ, რომ დასავლეთი ებრძვის ეროვნულ იდენტობას, რელიგიას და თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას. ჰომოფობიურ ნარატივს ანტიდასავლურ კონტექსტში ავრცელებდა მმართველი პარტიაც, რომელიც ვენეციის კომისიას ანტილგბტქ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნის გამო ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. გარყვნილი დასავლეთის საპირწონედ, ტრადიციულად, იდენტობის დამცველი რუსეთი და იქ გამართული ოლიმპიადა იყო შემოთავაზებული.
ქსენოფობია

ქსენოფობიური გზავნილები მიგრანტებს ეროვნული იდენტობის დაკარგვასთან აიგივებდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აგენტებად წარმოაჩენდა და მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში სდებდა ბრალს. პატრიოტთა ალიანსი - უცხოელებზე მიწების გაყიდვის, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა კი სუროგაციის აკრძალვის საჭიროებაზე აკეთებდა აქცენტს.

მიგრანტები საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას

ერთიანი ნეიტრალური საქართველო:  „რაც შეეხება მიგრანტების საკითხს, სწორედ ამ ფორმით უკვე მოახერხეს სხვადასხვა ევროპული ქვეყნისათვის ნაციონალობის მოშლა, რადგან უკონტროლო მიგრაციით ხალხების აღრევა, საბოლოოდ, სწორედ ერის იდენტობის გაქრობით მთავრდება.“

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: ,,ჯერ ქართველებს გვასუსტებენ. პარალელურად ხდება ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის დამკვიდრება. რაღაც წარმოუდგელი ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ ხალხი, რა უნდათ საერთოდ, დედამიწის მეორე ზურგიდან აქ რა გესაქმება, შე დალოცვილო, იყავი იქ შენს ქვეყანაში. არანაირი კულტურული, რელიგიური, ისტორიული, პოლიტიკური კავშირი არა გვაქვს. ეგეთ ხალხს რატომ ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში? ამაზე როდესაც ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ჩაითვალოს რასისტობად, ნაცისტობად. როგორც კი ამ ბუნებრივ მდგომარეობაზე ლიბერალების მხრიდან გაისმება, რომ თქვენ ფაშისტები ხართ, ნაცისტები ხართ, ფეხებზე დაიკიდეთ”.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საფრთხეა/კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით არიან დაკავებული

ლაზარე ჯორბენაძე,  იურისტი: “სააკაშვილმა, მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა პირდაპირ, საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს 82 636 უცხოელს, რომელთა შორის უმეტესობას წარმოადგენენ თურქები, ირანელები და არაბები! ჩინელებზე, ინდოელებზე, პაკისტანელებზე, ბანგლადეშელებსა და აფრიკელებზე აღარაფერს ვამბობ, ანუ სააკაშვილმა, მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა ქვეყანაში 82 ათასი მტერი და აგენტი შემოგვისახლეს."

ბესო ბარბაქაძე, სტატიის ავტორი: "არც იმას მალავს არავინ, რომ განსაკუთრებით გარეუბნებში ღამის საათებში არასრულწლოვანი გოგონები 50 ლარის სანაცვლოდ  მზად არიან, ორალური სექსით  დაკავდნენ. ადრე ამ მხრივ „პოპულარული“ აღმაშენებლის გამზირი და იქ მყოფი აზიელები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე აზიელი ამის გამო  შარში გაეხვია და რამდენიმე ციხეშიც მოხვდა არასრულწლოვანთან ურთიერთობის გამო, ახლა იქ ყველა თავშეკავებულია. " 

უცხოელებზე მიწების გაყიდვა უნდა აიკრძალოს

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რაღაც კანონებიც კი მიიღო, მაგრამ რეალურად არ აუკრძალია ეს მიწების გაყიდვა, თუმცა იძახდა, რომ ავკრძალე. კვლავ მოატყუა მთელი ქვეყანა და სინამდვილეში ლიწინ-ლიწინით იყიდება ეს მიწები. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სოფლები არის, რომელიც სულ უცხოელების არის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ გლეხს საკუთარი სახნავ-სათესი არა აქვს და ის ქირაობს სხვისგან ამას და ეს სხვა არის, ირანელი, თურქი, არაბი...  10 წელიწადში საერთოდ გაქრება ეს ქვეყანა და იცოდეთ, რომ ეს უნდა ამ ქართულ ოცნებას. მარტო ლამაზ სიტყვებს ლაპარაკობს, რომ პატრიოტები არიან, თორემ ამათ უნდათ ამ ქვეყნის გაქრობა. ამიტომ ახლა არჩევნები რომ იქნება, დაფიქრდით, მიდით ამ უბნებზე და „პატრიოტთა ალიანსს“ და გაერთიანებულ პატრიოტულ ოპოზიციას მიეცით ხმა.“ 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართველ ქალებს სუროგაციისთვის იყენებენ

ზურა მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: “...ეგ, აი, გასაგებია, აი, ვიღაცის პირადი თემა არი, პირადად ბავშვი არ უჩნდება, თან რაღაცა გავიგე, მაგის რეგულაციები შეიძლება, მარა ბიზნესი რო არი, ვიღაც უცხოეთიდან, ვიღაცები რო ჩამოდიან და აქ შენ თანამემამულეებს იყენებენ, როგორც რაღაცა ბიო ფაბრიკას, აი, მაგას დედას ვუტირებთ, მაგას შემიძლია დაგპირდეთ მტკიცედ”.

თურქოფობია

თურქოფობიულ ნარატივებს მეტწილად ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა და სეზონი TV ავრცელებდნენ. ისინი მეზობელი ქვეყნიდან მომდინარე კულტურული და რელიგიური ექსპანსიის საშიშროებაზე აკეთებდნენ აქცენტს.  კვლავ გვხვდებოდა ძველი გზავნილები, რომ თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია. მკვიდრდებოდა აზრი, რომ თურქეთი გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქართული იდენტობისთვის, ვიდრე რუსეთი. გასული თვეების მსგავსად, რუსეთის დამსახურებად წარმოჩინდებოდა თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნება.

საქართველოში თურქული ექსპანსიის საფრთხეა

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “თურქეთი დაიწყებს კულტურულ, რელიგიურ ექსპანსიას იმისთვის, რომ მყარად იყოს. თუ არ იქნება მყარად, მაშინ რა ინტერესია. ამერიკა რატომ გაპიდარასტებს, იცი? იმიტომ, რომ მაგისი ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილია და შენც რომ ბუნებრივად იმისკენ იყო, პიდარასტად გხდის. მაგაში იხდის ეგ ფულს, მილიარდებს, რომ შენსა და მას შორის, იდეოლოგიური ბმა იყოს. შენც მოწადინებული რომ იყო დასავლეთის მოკავშირეობისკენ. ანალოგიურად მოიქცევა თურქეთიც. ანალოგიურად იქცევა  იქცეოდა ბიზანტია და ა.შ.“ 

თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ეს უნდა აღიკვეთოს უმკაცრესად,  ეს არის ეთნიკური შუღლის გაღვივება, მაგალითად ეს გორგილაძე, თებიძე ლელოს, ლევან ანთიძე, ესენი არიან დასაჭერები ყველა, იმიტო რო შენ თუ არ მოგწონს, ხელისუფლება რუსეთის, უბრალო მოქალაქემ რა დაგიშავა?! ჩამოდის კაცი ფულის დასახარჯად., ვინ მოგცა შენ ამის უფლება? მაშინ თურქეთს აქვს წაღებული ტაო-კლარჯეთი, მაშინ რატო დაეთრევით თურქეთში და რატო არ იღებთ ხმას”?!

ზურა მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: „ერთი საქართველო აიღო რუსეთმა, მეორე აიღო, პირდაპირ აი ოკუპაციის დონეზე ვილაპარაკოთ: ერთის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მეორეს ოკუპაცია მოახდინა თურქეთმა. იქ [თურქეთში] ქართველები აღარ არსებობენ.“

იდენტობის დამცველი რუსეთი თურქეთის საპირწონედ
 

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „თურქეთს ანუ აქვს ქართული ტერიტორიები, აქვს კაცო და მუსლიმები გახდნენ... და იქაური ეკლესიები  დაინგრა და რუსეთში, საქართველოში არავის არ ჩამოუსახლებია[სხვა ხალხი], როცა რუსეთთან ურთიერთობა ჰქონდა, კი არ ჩამოსახლდა კაცო, საქართველო დემოგრაფიულად გამრავლდა...“

 

ზურაბ მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: „ნამყოფი ვარ საქართველოს ისტორიულ მიწებზე, რომელსაც ეხლა თურქეთი აკონტროლებს და მე იქ, რაც მაქ ნანახი, თვალნათლივ ვხედავ, რუსეთი რომ აკონტროლებდა აქაურობას, ქართულად ვლაპარაკობ, ქრისტიანი ვარ, კულტურა შევინარჩუნე და იქ ნანგრევებია მარტო დარჩენილი.“

აჭარა/თურქეთის მიერ მიტაცებული რეგიონები რუსეთმა დაგვიბრუნა
 

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: “...ვითომ ის აჭარა-გურია ესეც ჩვენით დაგვებრუნებიოს, რომ არა რუსი ჯარისკაცები… დღეს აჭარაში და გურიაში უნდა იყოს დიდი მონუმენტები, იმ რუსი სამხედროებისა, იმ რუსი მეომრებისა, რომელიც ბრძოლებდნენ ოსმალეთთან ომში. მაგრამ ეს ყველაფერი სად? პირიქით გამქრალია. აჭარის ცენტრალურ მუზეუმში... დამალული აქვთ ესა და განადგურებული აქვთ. გესმით, ისტორიას აყალბებენ... “

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „აი, ბორჯომთან რომ მთავრდებოდა რეალურად საქარველო, ბორჯომის იქით უკვე თურქეთი იყო, ახალციხის ფაშილაყს ეძახდნენ. იქიდან ნუ, გაასახლეს თურქი მესხები… და მანდ დაიწყეს ქართველების ჩასახლება[რუსეთმა]... მეტსაც გეტყვი აფხაზები რომ გაასახლეს 1860-იან წლებში, რელიგიური ნიშნით, დასავლეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მანდ ნელ-ნელა ქართული დასახლებები ჩნდებოდა...“

არმენოფობია

არმენოფობიურ ნარატივს, რომ სომხები სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ითვისებენ, პატრიოტთა ალიანსი ავრცელებდა. გასული თვეების მსგავსად, სომხური იდენტობა კვლავ ნეგატიურად იყო წარმოჩენილი. გარდა ამისა, გვხვდებოდა გზავნილი, რომ სომხებს აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობის მორალური და იურიდიული უფლება არ აქვთ. 

სომხები სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ითვისებენ/განდიდების მანია აქვთ

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: ,,სომხებს აქვთ ეს თვისება, რომ განიდიდონ თავი. ამიტომ გვიყვებიან სინამდვილეში ტყუილებს, რომ პირველი ქრისტიანული ქვეყანა არიან. არ არიან. ის კიარა, სხვადასხვა ფრინველი ან მწერი ან ცხოველი, რომელიც კავკასიურია, სომხურ წყაროებში როგორც სომხური, ისეა მოხსენიებული. შეიძლება იყოს, დავუშვათ, კავკასიური ვეფხვი, იყო, აღარ არის კავკასიური ვეფხვი, ამოწყდა და არც ისე დიდი ხნის წინ, მაგრამ სომხურ წყაროებში სომხურ ვეფხვადაა მოხსენიებული. აქვთ ეს თვისებები. ნუ, როგორ უნდა მივუდგეთ ამას? მშვიდად, ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ გაგებით. კარგია, რომ თავის თავს ასე აქებენ და განადიდებენ. ეგება, ჩვენც ვისწავლოთ. ამ თვითგანდიდებაში იქამდე მივიდნენ, რომ პირდაპირ ცენტრალური მოედანი სომხეთის, იქ მუზეუმია, რომ ჩახვიდე მუზეუმში გაიგებ, რო თურმე ბრიტანული ერი სომხების შთამომავალია”.

სომხური იდენტობის ნეგატიურად წარმოჩენა

ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „მოკლედ, ილიამ, როგორც გენიალურმა პუბლიცისტმა და უძლიერესმა პოლემისტმა, თავისი „ქვათა ღაღადით“ ქვა ქვაზე არ დატოვა სომეხ მეცნიერთა ერთი გუნდისაგან, რომლებიც ქართველების მიწასთან გასწორებით იყო დაკავებული, ხოლო ჩვენი „ქაქთა ღაღადი“ კიდევ ერთხელ ამხელს სომეხ ლომჯარიათა ერთ გუნდს, რომლის მთავარი ხელობაც ქართული სახელმწიფოსათვის ფეკალიების სროლა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.“

სომხებს აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობის მორალური და იურიდიული უფლება არ აქვთ

ჯანსუღ ადლეიბა, აფხაზი აქტივისტი: “სომხეთი მხარს უჭერს დასავლეთის პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის­ აფხა­ზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რა­დგან­ აფხაზეთში დიდი სომხური დიასპო­რა ცხოვრობს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის, რუბენ ტატულიანის გავლენაშია. ტატულიანი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწეა, მას აქვს დიპლომატიური პასპორტი და არის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე. წელს სომხეთის წარმომადგენლებმა ლტოლვილების შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ამასთან, სომხეთი მრავალი წელია არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამ დროს კი აფხაზეთში სომეხი საზოგადოების გავლენა იზრდება, რაც აფხაზებისთვის უკიდურესად მიუღებელია! სომეხი ეროვნების­ ხალხს არ აქვს მორალური და იურიდიული­ უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა და დაიკავოს მაღალი თანამდებობები ხელისუფლებაში! ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს, სხვა გზა არ გვაქვს".

ისლამოფობია

ისლამოფობიური გზავნილები ისლამურ რელიგიას ქართული იდენტობისთვის საფრთხედ განიხილავდა. კონსერვატიული მოძრაობის მტკიცებით, ქართველებს ისლამის მიღებამ თავიანთ თანამემამულეებთან კავშირი დააკარგვინა, მაშინ როცა რუსეთის იმპერიამ რელიგიური იდენტობა შეგვინარჩუნა.

ისლამი საფრთხეს უქმნის ქართველების ეროვნულ იდენტობას
 

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “თუ მართლმადიდებლობას მოვწყდებით, ჩვენ სხვა ხალხი გავხდებით და ამის მაგალითი არი თურქეთი, თურქეთში ცხოვრობენ ქართველები ძალიან სერიოზულად განსხვავდებიან აჭარაში მცხოვრები მუსლიმანი ქართველებისგან, აჭარაში მცხოვრები მუსლიმანი ქართველები ქართველები არიან და თურქეთში მცხოვრები ქართველები გენეტიკურად არიან ქართველები, მარა აზროვნების წესით ისინი უფრო მეტად თურქები არიან, ვიდრე ქართველები… შესაბამისად მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლმადიდებლობაზე უარი უნდა ვთქვათ და გავხდეთ სხვანაირი ქართველები… თუ ჩვენ რამეს არ ვიზამთ, ის თურქეთში მცხოვრები ქართველები კიდე ერთი-ორი თაობა და გაქრებიან..’’ 

გათურქებულ და რელიგიაშეცვლილ ქართველებს ქართველებთან კავშირი არ აქვთ, მაშინ, როცა საქართველომ რუსეთის იმპერიაში რელიგიური იდენტობა შეინარჩუნა
 

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „თურქეთს დაპყრობილი ქონდა საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია, ქართველებით დასახლებული, ხო? რუსეთსაც დაპყრობილი ქონდა. თურქეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე ქართველები გათურქდნენ ან ძალიან ცოტანი დარჩნენ. რელიგია შეცვლილი აქვთ და მენტალობა და იდენტობა აქვთ, ნუ, ძალიან, ასე ვთქვათ, შერყეული და ქართველებთან ასეთი მთლად კავშირი აღარ მიდის...  რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი საქართველო, რომელიც რუსეთის ტერიტორიის ქვეშ მოექცა, იქ რავი ჩვენ, მთელი ეთნოსი გადარჩა, გამრავლდა, მენტალობა შეინარჩუნა, პატრიოტიზმი შეინარჩუნა, აღიდგინა დამოუკიდებლობა. აი, ვინც ამას ვერ არჩევს, აი ამ საფრთხეებს ვერ არჩევს, აი ლაპარაკში შეყოლა კი არა, პირდაპირ სახეში უნდა გაარტყა.“

ჰომოფობია

ჰომოფობიურ ნარატივებს, მათ შორის, მმართველი პარტია, ქართული ოცნება ავრცელებდა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეროვნულ საქმედ წარმოაჩენდა, პროპაგანდის არსებობის მტკიცებულებად კი პარიზში გამართული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მოჰყავდა.  საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჰომოფობიური გზავნილების ერთი-ერთი მთავარი თემა იყო. კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე აქტორები ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს ლგბტ თემისადმი მიკერძოებასა და და რელიგიური სცენების გაშარჟებაში სდებდნენ ბრალს.  აგვისტოს თვეში გაჩნდა გზავნილები, რომლითაც მმართველი პარტია და მასთან აფილირებული ძალებები ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ლგბტ პროპაგდანდის ასაკრძალად “ოცნებამ” არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს. ალტ-ინფო კონსერვატიული მოძრაობა ექსტრემისტულ განცხადებებს ავრცელებდა და ლგბტ პროპაგანდის/ლგბტქია+ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობას ამართლებდა. ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია მათ მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სექსუალურ იდენტობაზე ხაზგასმით ხდებოდა.

ლგბტ პროპაგანდა მუშაობს/ლგბტქია+ ადამიანების რიცხვი იზრდება

 

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: „დღეს შევძელით ის, რომ ელგებეტე პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი დაგვეინიცირებინა, რასაც მაგალითად ოთხი წლის წინ ვერ გავიტანდით. ოთხი და ხუთი წლის წინ ეს გამოიწვევდა იმხელა ტურბულენტობას, არადა ეროვნული საქმეა, ხო?! არადა სულიერი გადარჩენის საქმეში არის ერთ-ერთი წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. მათ შორის ეს, რა თქმა უნდა, უნდა კიდევ ერთხელ უნდა გავმიჯნოთ უფლებების დაცვის უპირატესი ინტერესისგან ეს უნდა გავმიჯნოთ, მაგრამ ამ გამიჯვნის მიუხედავად, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით ხუთი წლის წინ.“

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “3 წლის წინ საქართველო იყო სრულმასშტაბიანი გეი-პარადის საფრთხის წინაშე. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ რამდენიმე წელიწადში საერთოდ აიკრძალება საქართველოში ეგეთი რაღაცეები, თვითონ უარს იტყვიან ქუჩაში გამოსვლაზე და ეგ მოხდა, ფაქტია. ანალოგიურ პროგნოზს ვდებთ - 5 წელიწადში გრიგორიადისები ეკრანებზე არ იქნებიან, ამას გეუბნებით სრული დარწმუნებით”. 

გიორგი სოსიაშვილი, ქართული ოცნება:"ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არასოდეს დაუშვებს უწესობის პროპაგანდას."

ოლიმპიური თამაშები ლგბტ პროპაგანდას ეწევა/ლგბტ იდეოლოგიისგან იდენტობის დაცვის აუცილებლობა დაგვანახა

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: „ფსევდოლიბერალებმა ოლიმპიადის გახსნას ყურადღებით მიადევნეს თვალყური და მათში კვლავაც აქტუალურია კითხვა: საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი?! ესაა აქტუალური თემა და პრობლემაა დღეს?!.. არა რუსულ კანონს!!!“ 

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “ეს იქნება ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე ფერადი, ყველაზე ლგბტ და ე.ი ყველაზე გარყვნილი ოლიმპიადა. ვინ ჩივის გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ სპორტსმენებს, მათმა უმეტესობამ, შესაძლოა, ისე იასპარეზოს და დაბრუნდეს თავის სამშობლოში, რომ კაციშვილმა ვერ გაიგოს რომელი სექსუალური ორიენტაციისა ესა თუ ის სპორტსმენი… ქალად გადაკეთებული კაცები, რომლებიც კაცებთან შეჯიბრისას კაპიკად არ ვარგოდნენ და ახლა ქალების დაჩაგვრით ცდილობენ ოლიმპიური მედლების მოპოვებას”.

საპატრიარქო: “ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით [პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე], რამაც საზეიმო გახსნა ზოგადად ადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია".

ლგბტ პროპაგანდის ასაკრძალად ქართულმა ოცნებამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს

 

ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება: „საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ-პროპაგანდასა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება. საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება და სხვა.“

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: “ჩემი ემოცია, როდესაც პირველად „გორბის“ კვლევა ვნახე იყო ის, რომ ამდენმა აგენტურულმა პარტიამ ბარიერი ვერ უნდა გადალახოს. ეს იქნება კატასტროფა პირდაპირ გეუბნებით…. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის რესურსი გვაქვს, მაგრამ ამ შანსს მოკლავს, პირდაპირ ვამბობ, ყოველი მეხუთე ამომრჩევლის არმისვლა. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა მივიდეს და ეს უზრუნველყოფს, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ეპოტინებიან ახლა საარჩევნო ბარიერს, შანსი გამოეცლებათ, რომ ბარიერი გადალახოს და ჩვენ შანსი მოგვეცემა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ და მაგალითად ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი კი არ მივიღოთ მხოლოდ, რასაც შემოდგომაზე გავაკეთებთ, არამედ კონსტიტუციითაც გავამყაროთ ეს ყველაფერი.’’ 

ზურაბ ქადაგიძე, ხალხის ძალა: ,,რა მოხდება, საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში? კონსტიტუციით აღიკვეთება, “ლგბტ” პროპაგანდა საქართველოში”.

ლგბტქია+ ადამიანების/ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ძალადობა გამართლებულია

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: "ხალხო, ვისაც ამისკენ მივყავართ იმას გავუერთიანოთ ხოლმე ცხვირ-პირი თუ საჭირო გახდა,  არ არი პრობლემა რა, იმიტო, რო ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, საჭიროება თუ მოითხოვს, უნდა გაუხეთქო თავ-პირი".

ზურაბ მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: "ვინც მაგ [ლგბტ] პროპაგანდას ახორციელებს, იმათ აი დედა რო უნდა იმას უქნა მაგ აზრზე ვინც არ არი...  მე რა გამაგებინეთ იცი, ბიჭო, აი ეხლა ამას უყურებთ, თქვენ ხვდებით რომ პროპაგანდაა და მე უნდა გიხსნათ კიდე ამათ დედა რატო უნდა უტიროთ, მე, მე მაქვს კიდე ასახსნელი, ამის წინააღმდეგ ბრძოლა რატო არის საჭირო?”

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „რატომ არის არანორმალური ჰომოსექსუალობა?... ეგ არის პერვერსია, ეგ არი დარღვევა. მაგის ახსნა ის მიუხედავად, თუ ვინმე მაინც ამბობს, რომ მაგის განურჩევლად ეს არი პერვერსია, დარღვევა და რაღაცა, მე მაქვს უფლება ბავშვს უხსნა, რომ ის პიდარასტობა არის ნორმალური და რაღაცა, ეგ უბრალოდ არ იღებს ცალსახად დამტკიცება არგუმენტებს და მაგას უბრალოდ ძალით უნდა დაურეგულიროთ ნორმალური გარემო… ისედაც ძალით რეგულირდება.“ https://www.myvideo.ge/?video_id=4246569

ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას/ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლგბტქია+ ადამიანები არიან

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: ‘’ვისაც გვარამია ეყოლება თავის რიგებში, ნაცები ტელევიზიის ორგანიზატორად იყენებენ, მარა თავისთან არ შეიყვანენ, იმიტო რო უბედური პიდარასტი, სასაცილო, საზიზღარი არსებაა რომელიც ძაან აგრესიული ლიბერასტობის მფრქვეველი იყო, აგერ შეიყვანეს ტიპი და უცებ შეიცვალა იმიჯი და ქცევის ფორმა და ვიღაცეებმა თვალსა და ხელშუა დაივიწყა და ეგ არ უნდა დავუვიწყოთ ჩვენ..’’ 

გრიშა ონიანი, საზოგადოება სტალინი: „თქვენ ოპოზიცია ხართ, ხალხნო? თქვენ ხართ ხალხი და ადამიანები, როდესაც ლიბერალური ლგბტს უჭერთ მხარს და მაგათი დაცვის გულისათვის ათასნაირ წერილებს და ათასნაირ გზავნილებს აგზავნით თქვენ ამერიკაში და ევროპაში?!“ 

ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „ეს იქნება პარტია [თავისუფლების მოედანი], რომელიც არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასა და ოჯახური ღირებულებების დასაცავად საკანონმდებლო ბაზის შექმნას! ეს იქნება პარტია, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში ლგბტ პრაიდების მოწყობას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, გეი წყვილებისათვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებას და ყველანაირი ნეოლიბერალური სიშლეგისა და სიბილწის დამკვიდრებას.“

ანტიდასავლური

ანტიდასავლური ნარატივების ერთ-ერთი მთავარი თემა ოლიმპიური თამაშები იყო, რასაც მოჰყვა ძველი გზავნილების გააქტიურება  იმის შესახებ, რომ დასავლეთი ებრძვის ეროვნულ იდენტობას, ოჯახს, რელიგიას და თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას. ჰომოფობიურ გზავნილს ანტიდასავლურ კონტექსტში ავრცელებდა მმართველი პარტიაც, რომელიც ვენეციის კომისიას ანტილგბტქ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნის გამო ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. გარყვნილი დასავლეთის საპირწონედ კვლავ იდენტობის დამცველი რუსეთი და წარსულში იქ გამართული ოლიმპიადა იყო შემოთავაზებული.

დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: „კონსტიტუციაში 2017 წლის ჩანაწერზეც კი გვეუბნებიან, რომ ამოვიღოთ, თურმე უნდა დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამიტომ ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია მიუღებელია საქართველოსთვის”.

საქართველოს საპატრიარქო: „დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს დადგმული გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას... აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს... ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია.“

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: „ტრანსგენდერი „დრაგქვინი“ ოლიმპიური ჩირაღდნით - ყველა თაობას თავისი სიმბოლოები ჰყავს. დასავლური ცივილიზაციის დღევანდელი სახე სქესაღრეული, ქალად გადაკეთებული კაცია, რომელიც იმავდროულად განასახიერებს ახალ საზოგადოებას, იდენტობაწაშლილი მანქურთების საზოგადოებას, რომლის შექმნასაც ასეთი დაჟინებით ცდილობენ ტრანსნაციონალური კორპორაციები და მათი მმართველი ოლიგარქიული ოჯახები. ჩირაღდნიანი, ტრანსგენდერი გარყვნილების სიმბოლოდ ქცეული ოლიმპიადის მხოლოდ ერთი ისტორიაა.“

ევროკავშირი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/ოჯახს

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: ,,მე რომ მკითხოთ, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება ისედაც არ მინდა, ომის საფრთხის გარეშეც არ მინდა იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ქართული იდენტობის დათმობაზე წასვლას”. 

ნანა კაკაბაძე, ერთიანი, ნეიტრალური საქართველო:  “...თუ ევროკავშირთან გაერთიანება ჩემს სამშობლოზე, ფასეულობებზე, ტრადიციებზე უარის თქმას მავალდებულებს, მაშინ რაში მჭირდება მასში გაწევრიანება?!“

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: “ბიძინა ძალიან გავლენიანი ფიგურაა და რა გასაკვირია, რომ მისი მოკვლა უნდათ? აქ მიდის დიდი ჭიდაობა. როგორც თავად არიან გათახსირებულები, ისე უნდათ ჩვენი გაფუჭებაც! სად უნდა შევიდეთ, იმ ევროპაში. სადაც ქალი კაცია და კაცი - ქალი? ადამიანის გადაგვარება უნდათ.“

გოჩა თევდორაძე, ქრისტიან დემოკრატები: “როცა ევროკავშირისკენ მიდიხარ, კი ბატონო უნდა წახვიდე, რადგან ეს ამ ახალგაზრდობასაც უნდა და უნდა იცოდე, რომ იქ არის ისეთი რაღაცეები, რომელიც შენი ქვეყნის მენტალობისთვის, შენი ქვეყნის ისტორიისთვის არ არის მისაღები, თუნდაც ლგბტ პროპაგანდის საკითხი და ხელისუფალი მაშინ ხარ კარგი, როდესაც ლავირებას ისეთს აკეთებ, რომ შეგიძლია ეს სვლა აქტიურად გააგრძელო ევროკავშირისკენ, პარალელურ რეჟიმში შენი ქვეყანა დააზღვიო ამ საკითხებისგან…”

დასავლეთი ებრძვის რელიგიას/ეკლესიას

ირაკლი გოგავა, საქართველოს განვითარების ლაბორატორია:  „დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დექრისტიანიზაციისა და, ზოგადად, დერელიგიზაციის პროცესი მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, ევროპაში თვე ისე არ გავა, ეკლესიის შენობა აუქციონზე არ გაყიდონ. საფრანგეთში  - 9%-მდე, გერმანიაში კი 11%-მდე დაეცა იმ მორწმუნეთა რაოდენობა, რომლებიც ეკლესიაში რეგულარულად დადიან და ეზიარებიან, პატარა საქართველოში კი ასეთი მრევლის რაოდენობა თითქმის 40%-მდეა და ამიტომაც არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გააფთრებული გლობალისტების მთავარი სამიზნე.“

ზურაბ კაჭარავა, საქართველო და მსოფლიო: "ეს არ არის პირველი თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე. საპატრიარქო აკრიტიკებს ლიბერალურ ფასეულობებს, ეწინააღმდეგება ლგბტ-აღლუმებს და მხარს უჭერს ტრადიციული ფასეულობებისა და ოჯახური ცხოვრების წესის შენარჩუნებას. ამასთან, დასავლეთისთვის მთავარი პრობლემაა ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი მოსახლეობაში. საქართველოში დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების შესუსტება, უცხო ღირებულებების დანერგვა, რათა საბოლოოდ დაიმორჩილონ ქვეყანა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ მენტალურ დონეზეც."

ვატო ქიზიყურაშვილი, ერთიანი ნეიტრალური საქართველო: “...ევროპა რაზე იდგა, ის ევროპა სწორედ რაც ყველა ადამიანში იწვევს პატივისცემას და რაც ჩვენ გვხიბლავს, ეს არის ის ლამაზი არქიტექტურა, ლიტერატურა და ა.შ, სწორედ ეს ყველაფერი არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული… დღეს ამას უკვე ვეღარ შეადგენს და ეს არის ის რაც უშუალოდ ევროპის მოსახლეობას აწუხებს, მითუმეტეს თუ პატარა ქალაქებში გაივლით, მოსახლეობა აქ ძალიან კონსერვატიული და ძალიან საღად აზროვნებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ სისტემამ არ მისცა მოსახლეობის დიდ ნაწილს იმის საშუალება, რომ თავისი პოზიცია გამოეხატა..’’

დასავლეთში ბავშვებს სქესს ინფორმირებული თანხმობის გარეშე უცვლიან

გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “რამდენიმე დღის წინ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც უკრძალავს სკოლებს, რომ აცნობონ მშობლებს მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ; ანუ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, რომლებიც შეიტყობენ, რომ მათი მოსწავლე ბიჭი გოგოდ აღიქვამს თავს, უნდა, რომ გოგონად მოიხსენიონ და ითხოვს გოგონების საპირფარეშოთი სარგებლობას, არავითარ შემთხვევაში ეს ამბავი ბავშვის მშობლებს არ უნდა აცნობონ და მიზეზს არ იკითხავთ? მშობლებს შეიძლება თურმე არ მოეწონოთ მოზარდის ეს გაუკუღმართებული სურვილი და შეიძლება შეეწინააღმდეგონ კიდეც ბავშვის ტრანსგენდერიზაციის პროცესს, რითაც დააზიანებენ ბავშვის ფსიქიკას, ხოლო ლგბტ საზოგადოებას კიდევ ერთ ღირსეულ ტრანსგენდერს დააკარგვინებენ”.

საქართველო უპირველეს ყოვლისა: “გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა „ასამბლეის კანონპროექტ 1955“-ს, რომელიც აღმაშფოთებელ და უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს და სკოლებს ტყუილისაკენ მოუწოდებს, რათა მათ სინამდვილე დაუმალონ მშობლებს თავიანთი შვილების სქესის ცვლილების შესახებ.“

ევროპა საკუთარი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის მსხვერპლია

გრიშა ონიანი, საზოგადოება სტალინი: „იცი საფრანგეთში რა ამბავი ხდება ელისეის მინდვრებზე? ეს ქურთის ქალები, დიდი კაბები, რომ აცვიათ, გაშლიან რაღაცას, ვითომ ვაჭრობენ, მოისაქმებენ იქა, უკან მოსდევენ ფრანგები, რომ მოხვეტონ იქა... და ყარს მთელი საფრანგეთის ცენტრალური ქუჩები. ეს ყველაფერე ჩვენ გველოდება.“

რუსეთი დასავლეთის საპირწონედ

ვალერი კვარაცხელია, საქართველო და მსოფლიო: "კაცობრიობას საფეთქელთან უკვე მიუტანეს ორლულიანი თოფი გლობალური გარყვნილებისა და გლობალური ომისა. საბედისწერო გასროლამდე კი ცოტა რჩება, თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთის ეს ცოფიანი ძაღლები ვიღაცამ არ ალაგმა. ამ ზოგადსაკაცობრიო მისიის შესრულების ძალა დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ რუსეთს შესწევს."

სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: ,,სოციალურ ქსელში გავრცელდა 2014 წლის მოსკოვის ოლიმპიადის და ამ საფრანგეთის ოლიმპიადის შედარება - იქ რომ ცეკვავენ ბალეტს, ცეკვავენ ულამაზესი ბალეტის მოცეკვავეები, ულამაზესი მუსიკით და შემდეგ აი, ეს სამარცხვინო შაბაში. რამხელა სხვაობაა. ესე იგი, რა გამოდის? რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი და დღეს ოლიმპიადაზეც კი არ შეუშვეს რუსეთი და არც ბელორუსი შეუშვეს… აი, თუნდაც… ქართული ანსამბლი რომ გამოდიოდა ლუჟნიკებში და საერთოდ, ლუჟნიკებში ულამაზესი სანახაობა იყო, მე მახსოვს, საკმაოდ დიდი ვიყავი მაშინ… და იმას რომ ვადარებ ამას, რუსეთია ბნელი და ეს არის ნათელი?”

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia