Copy
View this email in your browser
 

“არა ფობიას!” ბიულეტენი, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 -2019 წლებში გამოსცემდა, განახლდა და დაინტერესებული აუდიტორიისთვის კვლავ ხელმისაწვდომია. ბიულეტენი სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური გზავნილების შესახებ MDF-ის მედია მონიტორინგის მიგნებების ყოველთვიურ შედეგებს ასახავს, რომელიც პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში ხორციელდება. 

მონიტორინგის სუბიექტები განახლდა და ძველ სუბიექტებს ანტილიბერალური და კრემლისტური გამოცემების ფეისბუქ გვერდები დაემატა. დეტალური ინფორმაცია მონიტორინგის მეთოდოლოგიის შესახებ ხელმისაწვდომია აქ.

ტენდენციები

სექტემბრის თვეში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები მონიტორინგის სუბიექტ მედიაში 2 საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდებოდა:

  1. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც 2022 წლის 7 სექტემბერს პარლამენტს წარედგინა და სიძულვილის ენის მედიის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადატანას და კომუნინიკაციების კომისიის უფლებამოსილებაში მოქცევას  ითვალისწინებს
  2. კონსერვატიული მოძრაობის წევრების 29 ივნისის საკანონმდებლო ინიციატივას “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, თუ ის მიზნად ისახავს  საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირება-პროპაგანდას, ასევე რომელიმე რელიგიური ჯგუფის საწინააღმდეგო ან მათი რწმენის შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს.
1. ცვლილებების პროექტი მაუწყებლობის შესახებ კანონი

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის  გზავნილები გამოიკვეთა, ასევე ანტიდასავლური  შეფასებები, რადგან საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი, დასავლეთის მიერ თავსხმოხვეულად იყო წარმოჩენილი:

⚪ სიძულვილის ენის რეგულირების სფეროში გადატანა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ/ეროვნულ ღირებულებებს:

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ეს არის ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გაცილებით უარესი კანონი... ეს არის ქრისტიანული ღირებულებების და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა, აკრძალვა პირდაპირ... არ შეიძლება ამ კანონის მიღება”.

⚪ მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ლგბტ თემის კრიტიკას კრძალავს და ჰომოსექსუალობის ნორმალიზებას ახდენს:
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “მთლიანი შინაარსი ამ კანონისა, რომლის დარეგულირებაც უნდა მოხდეს, ლგბტ მოძრაობის ნორმალიზაციის და პროპაგანდის მოძრაობის კრიტიკის აკრძალვაა.  სინამდვილეში, უნდა აიკრძალოს გენდერული იდეოლოგიის კრიტიკა, კრიტიკა იმისა, რომ ვიღაც ტრანსგენდერია, და სრულიად ამორალურ მდგომარეობაში იმყოფება, და იმ აზრის გამოთქმა, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობაა და ასეთ ხალხის დაშვება არ უნდა ხდებოდეს სასწავლებლებში, ბავშვებთან, მასწავლებლად მათი მუშაობა არ უნდა ხდებოდეს.”
 
სპირიდონ აბულაძე, ეპისკოპოსი: „ვერ გვითქვია ბოროტებაზე, რომ ბოროტია... უკვე თქმაც იკრძალება...  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა - ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი რელიგია, არ გვაინტერესებს თქვენი ეროვნულობა, თქვნი კულტურა ეროვნული. ჩვენთვის მთავარია ჰომოსექსუალიზმი და ვინც ამას შეეწინააღმდეგება, ჩვენ იმას ვაჩვენებთ სეირსო.“

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ ე.ი. ნებისმიერ ამ სფეროში სოდომიზმის შესახებ, რომ თქვა, რომ ეს არის ცოდვა,  დაგიჭერენ ბატონო.“
 
⚪ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, სოდომს

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “რად მინდა მე ეგეთი ევროპა, რომელიც მიდის სოდომურ გზაზე და მეც უნდა ჩამიყოლოს?! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა დაიღუპება... ბაბილონის გოდოლი და ეს იმპერიები დაინგრა ამ სოდომური ცოდვის გამო და ჩვენ ნუ ჩავყვებით ქართველობა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა... როგორ შეიძლება ეს მიიღოს პარლამენტმა?... რაც არ უნდა შემოგთავაზოს ევროპამ, ის გღუპავს ამითი შენ, სულიერად გღუპავს და განადგურებს.“

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ტრანსგენდერობა რომ საზიზღრობაა, და ამის თქმას კრძალავ და საერთოდ რა ღირსებაზე ლაპარაკობ? დამთავრდა. ამის შემდეგ მაგ გეოპოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სურვილი არის პროპიდარასტობა. პროდასავლელობა არის პროპიდარასტობა. მორჩა. იმიტომ, რომ დასავლეთი გაძალებს, ტრანსგენდერობა რო საზიზღრობაა და პიდარასტობა რო საზიზღრობაა, მაგის თქმა აკრძალეთო… წადი და აიკრძალე, თუ გინდა სუ პიდარასტი იყავი.”   
⚪ სოდომისტურ კანონებს არ დავემორჩილებით და მსგავსი ინიციატივა ყველა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება:
სტეფანე კალაიჯიშვილი, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი: „ამ კანონს ვინც მიიღებს, რომელიც აკრძალავს ჩვენთვის ცოდვის წინააღმდეგ გამოსვლას, ჩვენ იმ ცოდვის წინააღმდეგ მაინც გამოვალთ, იმიტომ, რომ თუ საჭიროა, დაგვიჭირონ, დაგვიჭირონ და მერე დავინახავთ, რა იქნება ამის შემდეგ... საქართველო სოდომელების გარეშე, იმათ თავისთვის ჰქონდეთ რაც უნდათ და როგორც, მაგრამ მათი კანონებით ჩვენ არ გვაცხოვრონ, თორემ პრობლემა გექნებათ. ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება, რომელიც სოდომელების თავზე დაჯენას მოინდომებს...“
2. კონსერვატიურლი მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივა

კონსერვატიული მოძრაობა, თავის ინიციატივას, შეეზღუდა შეკრებებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლება, ჰომოსექსუალურ იდენტობას და რელიგიური გრძნობების შეზღუდვას უკავშირებდა და ინიციატივის დასაბუთებას თანასწორი მიდგომით ცდილობდა: 

ზურაბ მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: “არც მუსლიმებს ექნებათ ქრისტიანების შეურაცხმყოფელი აქციის ჩატარება, არც ქრისტიანებს მუსლიმების შეურაცხმყოფელი აქციის, ხო? არც ჰომოსექსუალებს ექნებათ სექსუალური ორიენტაციის გამომხატველი აქციის ჩატარების უფლება, არც ჰეტეროსექსუალებს იმ აქციის ჩატარების უფლება, რომ აი, ქალები როგორ გვიყვარს, ან რაღაცა…”

ირაკლი მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის პროპაგანდის სურვილი გაუჩნდება, მას ამის უფლება არ ექნება, იმის მიუხედავად, რა ორიენტაციის არის ის. და ეხლა ყველა გასაგებია, ვინც ნორმალურია ადამიანი, ის ისედაც არ არის ეგეთი სიგიჟეებით დაკავებული”.
ქსენოფობია

ქსენოფობიური გზავნილები, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგელებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს, დემოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის კონტექსტში განიხილავდა, ამასთან მიგრაციის კონტექტში, რუსეთის და ეთნიკურად ოსი მოქლაქეების უპირატესობას ესმებოდა ხაზი.

 
⚪ ქართველებს რუსებთან და ოსებთან რელიგია აერთიანებთ, ინდოელები და სხვა კულტურები ინტეგრირებას არ ექვემდებარებიან

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „არ შეიძლება ეთნიკური ბალანსის შეცვლა, მით უმეტეს ისეთი კულტურული ნაწილაკებით, რომელიც ძალიან შორს არის ჩვენგან. მე ეხლა ინდოელთან პრობლემა არა მაქვს, მაგრამ ეხლა კომპაქტურად დასახლებული ინდოელების სოფელი ერთია და კომპაქტურად დასახლებული, მაგალითად ოსების და რუსების სოფელი საერთოდ სხვა რაღაცაა. ნუ ოსები გენეტუკურადც ახლოს არიან ჩვენთან, მაგრამ რუსები და ოსები მაგალთად, არიან რელიგიურად ერთნი, შესაბამისად კულტურული სიახლოვე მეტი გვაქვს და ამის შედეგად ჩვენი კონფლიქტის შესაძლებლობა მკვეთრად მცირდება, ვიდრე ისეთი უცხო ელემენტები, რომ გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც შენს სოციუმს ინტეგრირებას აღარ ექვემდებარება.“

⚪ მიგრანტები = დემოგრაფიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საფრთხეს

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “ჩვენს მიწა-წყალს ვყიდით არაბებზე, თურქებზე, ირანელებზე, ათასობით ჰექტარს და ბოლოს ქურთებივით დავრჩებით უმიწაწყლოდ და არც ეკონომიკა გვექნება და ამ ხელისუფლებას, მე მინდა განვაცხადო, ნაცები კი არ დაამხობენ, არაქართული, შემოსული მოსახლეობა დაამხობს ქართულ ხელისუფლებას. დადგება ეგ დროც, როდესაც ესენი შექმნიან პოლიტიკურ ძალას, ეს ხალხი, ეს არაბები, ეს თურქები, ეს ირანელები და დაამხობენ ქართულ ხელისუფლებას საქართველოში.“

 
დავით ჭიჭინაძე, ტრიბუნა: „ადამიანები [გიდები] იძახიან, რომ უკვეო ჩვენ შეგვავიწროვესო უცხოტომელებმაო, რომლებიც ჩამოდიანო, ხო, არაბები, რომლებიც თავის ფირმებს ქმნიან, თვითონ ყიდულობენ, ანუ გამოდისო, ტურიზმშიდაც კი სადაც ქართველს დასაქმება უნდა ჰქონოდა, ქართული ეკონომიკა რაზეც არის და შემოსავალი ქართველს უნდა დარჩენოდა და აქ უნდა დარჩენოდა, იქაც კი უცხო და ამას არ არეგულირებს სახელმწიფო.“
 
⚪ ეთნიკური უმცირესობები = ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: „ეხლა ეს სურათები იყო გამოფენილი, რომ აიო აზერბაიჯანელებიო [საქართველოში] რა პირობებში არიანო, ბაღები არ არისო კარგ მდგომარეობაშიო, სკოლები არ არის კარგ მდგომარეობაშიო... აზერბაიჯენელები მიიერთებენ ამ ქვემო ქართლს, ჯავახეთს - სომხები, თურქები მიიერთებენ ამ აჭარას, გურიას, ჯავახეთს, დაიშლება ეს ქვეყანა... მართლა ჰერეთში ქართველებს არაფერი უფლებები აქვს... ეხლა წარმოგიდგენიათ ჰერეთში ვინმე რომ ესე გამოვიდეს და სურათები გაფინოს, აქო ქართველებიო... ხომ გააციმბირებენ იქიდან...“

თურქოფობია/აზერბაიჯანის საწინააღმდეგო განცხადებები

ხდებოდა ისტორიული ტრამვების გაღვივება ძირითადად თურქეთის, გარკვეულ შემთხვევებში, აზერბაიჯანთან მიმართებით, რაც რუსეთის მიმდინარე ოკუპაციასთან იყო გათანაბრებული. ამავე დროს მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოში “თურქეთის საფრთხის” შეკავება მხოლოდ რუსეთს შეეძლო.

⚪ თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთი და აზერბაიჯანიც ოკუპანტია

ილია ჩაჩიბაია, ტვ “ობიექტივის” წამყვანი:  არ შეიძლება, შენ თუ ნამდვილად პატრიოტი ხარ, არ გაწუხებდეს დავით გარეჯი, რომელიც აზერბაიჯანის მიერ არის დროებით წართმეული და გაწუხებდეს მხოლოდ რუსეთის ოკუპაცია. არ გაწუხებდეს თურქეთის  მიერ წართმეული ნახევარი საქართველოს სიდიდის ტერიტორია და გაწუხებდეს მხოლოდ რუსეთის მიერ წართმეული მიწები. არ შეიძლება არ გაწუხებდეს კასპის მუნიციპალიტეტში არაბებმა რომ მთელი რაიონი შეისყიდეს, ეს ნორმალურად მიგაჩნდეს და გაწუხებდეს რუსეთის მიერ წართმეული მიწები”.

⚪ თურქეთს საქართველოს ტერიტორიების მიტაცება სურს/ თურქეთის საფრთხის შეკავება მხოლოდ რუსეთს შეუძლია

 

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი:  “თურქეთს  რა ტერიტორიული პრეტენზიები აქვს რუსეთთან მიმართებაში? ეს არის ორი მონაკვეთი - ყირიმი და საქართველო - აჭარა, გურია და სამცხე-ჯავახეთი. მათთვის ყველაზე ახლო და სტრატეგიულად მოსახერხებელია აჭარა. ფაქტიურად, აჭარა დაპყრობილი აქვს თურქეთს - ეკონომიკური ექსპანსია ყველას თვალწინ დევს. გაიარეთ ბათუმის ქუჩებში და ამ სიმართლეს ნახავთ და ჩვენ დავდევთ, რუსმა ტურისტმა არ გაიაროს და ის. თურქეთმა წაიღი ფაქტიურად ბათუმი. რუსეთის დაცემა ნიშნავს საქართველოს ისტორიული მტრები, ირანი თუ თურქეთი, თავს წამოყოფენ”. 

სპირიდონ ცქიფურიშვილი, სასულიერო პირი: „იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დაინახავს, რომ რუსული გავლენები შემცირდა საქართველოში, 24 საათი არ გავა, რომ ის ბათუმს დაიკავებს ჯარებით, არა ვთქვათ მარტო თურქი მოსახლეობით, არამედ ჯარით. თურქული ჯარით, ისევე როგორც ეს გააკეთა 1921 წელს. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული იყო თურქეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაინახა რა, რომ რუსეთი იყო უკვე დაშლილი, ჩათვალა ყოველ შემთხვევისთვის, მან ჯარები შემოიყვანა ბათუმში.“

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ის წამყვანი: “რო დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თუ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს რუსეთი, ჩვენ მზად ვართ ბაზები დავუთმოთო. აი როგორ შეიძლება ბაზები აჭარაში იყოს, მე შენ გეტყვი ახლა, ნეტავ მართლა დადგეს იმ აჭარაში, თურქული ისლამიზაცია შეჩერდება.”

ანტიდასავლური გზავნილები

ანტიდასავლური გზავნილები მეტწილად იდენტობის თემას უკავშირდებოდა და ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი ქართულ ტრადიციულ იდენტობას ებრძოდა და ჰომოსექსულობას თავს გვახვევდა. ამასთანავე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი (მმკ) დავით ისაკაძე პროცესებს ამერიკის მართულად წარმოაჩენდა და უკრაინაში მიმდინარე ომსაც ამ დაპირისპირების გამოხატულებად განიხილავდა.

⚪ დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/გვახვევს ჰომოსექსუალობას

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი: „უთხრა უარი ქართველმა ხალხმა 5 ივლისს, უთხრა უარი არაერთხელ როდესაც სასულიერო პირები, ჩვენი ეკლესია გამოვიდა, მეტი რაღა უნდა თქვას ეხლა... არ გვინდა ჩვენ სოდომიო... მიუღებელია ჩემთვის და ეხლა ევროპელები თუ გაიზიარებენ, გაიზიარებენ და თუ არ გაიზიარებენ, მართლა რად მინდა მე ეგეთი, რა მივიღეთ ამ ევროპული ოჯახიდან ჩვენ გარდა იმისა, რო პირიქით ეკონომიკურად გაღარიბდა ქვეყანა, რამე სარგებელი მივიღეთ?! ერთადერთი სარგებელი მივიღეთ უვიზო მიმოსვლა.“

 
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: „ბევრი ადამიანი 60-70 წლებში ჩარჩა, ვერ ხვდება, რომ ეს ის ევროპა აღარ არის და მასონური ამერიკის მიერაა მართული. რაც მთავარია, მისი მიზანია ტრადიციების, ოჯახური ინსტიტუტის ნგრევა, ლგბტ ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოსნაირი პატარა და სუსტი ქვეყნების სრული დამორჩილება მასონური ამერიკულ-ევროპული ჯგუფებისადმი."

დავით ისაკაძე, დეკანოზი, მმკ-ს წევრი: „ჰეროდეს საქციელი არის პირობითი სახე ყველა იმ უსჯულოებისა და უზნეობისა, რასაც დღევანდელი მსოფლიო გვთავაზობს - თუ როგორ ცდილობენ, მამათმავლობა და დედათმავლობა თავისუფალი ნების გამოვლინებად გაასაღონ! ბუნებრივია, ამ უზნეობის ნებისმიერი მამხილებელი იყოს დევნილი. აკი, მართლმადიდებელი ეკლესია მათი სამიზნეა! უკვე ნიღაბი ჩამოიხსნა იმ საზოგადოებამ, რომელიც ლგბტ ფერადი დროშით მოიწევს რუსების, ქართველებისა და სხვათა დასაპყრობად, ვინც ამ უზნეობას ეწინააღმდეგება!... ჩვენი ერებისთვის ამ ადამიანებზე მეტად მათი ლობისტები არიან სახიფათო, რადგან გეგმაზომიერად ცდილობენ ტრადიციულ ერებში ზნეობრივი ცხოვრების წესის გარყვნილებით ჩანაცვლებას. უპირველესად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ, საიდანც, ფაქტობრივად, ევროპა და მთელი მსოფლიო იმართება. უკრაინაში მიმდინარე ომი ამ დაპირისპირების მკვეთრი გამოვლინებაა."

გენდერი

მედიის განვითარების ფონდმა, პროექტის “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში, „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს”-თან თანამშრომლობით ქართულ მედია და ონლაინ სივრცეში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების მონიტორინგი დაიწყო. 

მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა პერსონალური თავდასხმების სამიზნე  პოლიტიკოსი ქალები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია, თაკო ჩარჯვიანი, სალომე სამადაშვილი, ასევე  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.  

გარდა პერსონალური თავდასხმებისა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული გამოხატვები, იდეოლოგიის კრიტიკასთან ერთად, ძალადობის მსხვერპლი ქალების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს, ეიჯიზმს და გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვას აერთიანებდა.

ეიჯიზმი
თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი: “დღეს დაბადების დღე ჰქონია ქალბატონ თამარს [ჩარკვიანს], ქალბატონო თამარ, გილოცავთ დაბადების დღეს, თან საიუბილეო თარიღია, უბრალოდ, ამ ასაკში რატომ გადაწყვეტენ ხოლმე ადამიანები პოლიტიკაში შემოსვლას, არ ვიცი, მაგრამ დღეს არ ვაწყენინოთ…“
 
წარმომავლობის ნიშნით გაკიცხვა

რამაზ გაგნიძე, ქართული მისია: „რომ იძახის ქალბატონი თუ რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის დედაკაცი, ამერიკის ელჩი - კელი დეგნანი, რომ კონკრეტულად 6 მილიარდი აქვს ქვეყანაზე მიცემული, იქ კარგად ვიცით, რომ 6 მილიარდი არ არის მიცემული და ეს ახსნა იმ ოთხეულმა, იმ ხალის ძალამ, პარტიამ, რომელიც ოცნებას გამოეყო.“

გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფა

ზურა მახარაძე, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა: “... მერე უნდა გამოვიდეს და ერს და ჯარს მოუწოდოს ქალბატონმა სალომემ, რომ ვიწყებთ ომს! ქალბატონი სალომეს მჭერმეტყველება რომ ვიცით, დიდია შანსი, რომ ჯარი ცოტა ვერ გაერკვეს საით უნდა შეუტიოს მარა, ჯანდაბას.”

სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: “ეს სახალხო დამცველი კი არა დურაკი არის ეს ქალი–მეთქი და ეწყინა და მითხრა, ბატონო სოსო, მე დურაკი რატომ მიწოდეთო. აბა რა უნდა ვუწოდო ადამიანს, რომელიც ასეთ სულელურ განცხადებებს გააკეთებს.”
ფემინიზმის იდეოლოგია ბაშვთა შობადობას ამცირებს

ზურა მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა:  „ფემინიზმთან რა პრობლემა გვაქვს იცი?... სადაც ფემინიზმი შედის აქტიურად, იქ ოჯახში არის ერთი ბავშვი, სტატისტიკურად რა და ეგ კულტურები, სადაც არის ძლიერი ფემინიზმი, არიან კლებაზე. იქ მერე შედიან ისეთი კულტურები, სადაც არ არის ფემინიზმი, მაგალითად თურქები, მაგალითად, მცირე აზიის წარმომადგენლები და აფრიკის წარმომადგენლები... ფემინიზმი არა აქვთ, მაგრამ დემოგრაფია იზრდება ...”

ოჯახური ძალადობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყოფილ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვიულს შორის მიმდინარეობდა, ქალის დადანაშაულება ხდებოდა.

ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებით მამაკაცები უმიზეზოდ ისჯებიან

ნიკოლოზ მჟავანაძე, ტვ “სეზონის” წამყვანი: „[დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეს განიხილავს] დღეს საქართველოს ციხეებში 80% ზის მამაკაცებისა სწორედ აი, ამ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის მუხლებით და ხშირ შემთხვევებში ამ 80%-დან ნახევარზე მეტი არის შეთითხნული და ახლა რომ არ იყოს ეს ადამიანი ცოტა ტიტულიანი [ნიკოლოზ] ბასილაშვილიც ციხეში იჯდებოდა, თქვენ რა გგონიათ?! უბრალოდ მას კარიერა აქვს და გაითვალისწინეს ეს ყველაფერი თორე ნებისმიერი ადამიანი რომ ყოფილიყო სხვა, დღეს ის იჯდებოდა ციხეში, რა თქმა უნდა! ამიტომ, რაღაცა ამაზე რეაგირება და განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ჩემო მეგობრებო, თორე ხვალ და ზეგ შეიძლება ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, ნათესავებიც აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში“.  

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: „ყოველთვის უნდა ვიყოთ მიმტევებლები. შე დალოცვილო, ხო გაცილდი არა? დაანებე, რა ვიცი, აი, თუ ეს შურისძიებაა. ეს ანგარიშსწორება როდემდე უნდა გააგრძელოს ამ ქალბატონმა [ნეკა დოროყაშვილმა] ჩემთვის სრულიად გაუგებარია?! აი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს შურისძიება და ანგარიშსწორება?! საკუთარი შვილის ინტერესები აღარ გაწუხებთ, თუ რა ხდება?!“ 
Facebook
Website
Email

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. Entrance I, Floor 4, Apartment # 5 0179 Tbilisi, Georgia · Tbilisi 0179 · Georgia

Email Marketing Powered by Mailchimp